logo
ENG



სააკაშვილი: ივანიშვილი ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი

14 სექ 202115:12
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: ივანიშვილი ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ილია მეორის პირადი მტერი იყო და ამის მოწმე თავად არაერთხელ გამხდარა. 

თუმცა, არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს ამაში. 

ის სავარაუდოდ სუს-ის ფაილების გავრცელებას ეხმაურება, რომელთა ავთენტიკურობის დადასტურების შემთხვევაშიც დადგინდება, რომ სახელმწიფო სასულიერო პირებს და მათ ახლობლებს აყურადებს და მათ პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას აგროვებს. 

"ამ ყველაფერს ყავს ერთი პასუხისმგებელი, ერთი დამვალებელი, ერთი გამკეთებელი - ეს არის ივანიშვილი. მისი ამოცანაა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის განადგურება. 

მან, პრაქტიკულად, გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და გადმოიტანა თბილისში, ის შეეცადა ქართული მედიის განადგურებას და ჯერჯერობით არ გამოუვიდა. და მას ყოველთვის ძალიან აღიზიანებდა (მე ვარ ამის მოწმე) ქართული ეკლესია და ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი. მე ვარ ამის მოწმე არაერთხელ, ზუსტად ვიცი, რაზე ვსაუბრობ. აქედან წამოვიდა ის უამრავი პროვოკაცია, სიბინძურე, ჭორების გავრცელება, სისხლის სამართლის საქმეები და ახლა კომპრომატის შეგროვება პირად ცხოვრებაზე". - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტი იმასაც ამბობს, რომ მისი ხელისუფლების დროს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები "არ გამოსულა". 

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, ფარული მიყურადება მიმდინარეობდა საჯარო პირებზე და ჟურნალისტებზეც.

ჩანაწერები თარიღდება 2013-2021 წლებით.

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა. 

ავთენტიკურობას ადასტურებს TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. 

ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია. 

ინფორმაციას ადასტურებს ასევე ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომლის სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული ფაილებში. ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა