logo
ENG



სააკაშვილი: ინსპექტორის სამსახური არსებული გამოძიების, ჩემი წამების გამო უქმდება

25 დეკ 202123:23
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: ინსპექტორის სამსახური არსებული გამოძიების, ჩემი წამების გამო უქმდება

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივასთან დაკავშირებით ამბობს, რომ უწყებას აქვს სრული ჩანაწერები, რომლებიც მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას ადასტურებს. სააკაშვილი სამსახურის, შესაძლო, გაუქმებას სწორედ ამას უკავშირებს. 

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება არსებული მიმდინარე გამოძიების, ჩემს მიმართ გამოყენებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო.

ასევე, იმისთვის, რომ ინსპექტორს ხელთ აქვს არა ის დამონტაჟებული კადრები, რომლებიც საკმაოდ შემაძრწუნებელი იყო მსოფლიოსთვის, (მაგრამ მათი აზრით ყველაზე რბილი ნაწილი იყო) არამედ სრული ვერსია, სადაც ბევრად უფრო სასტიკი მოპყრობაა ასახული.

სახელმწიფო ინსპექტორის მოსალოდნელი დასკვნა მყარ საფუძველს შექმნიდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩემი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის", - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 7 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების შესწავლა დაასრულა და მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს. 

ინსპექტორის აპარატმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი საკვებ დანამატს იღებს, ყოფილი პრეზიდენტის ღირსების შელახვად მიიჩნია.


close დახურვა