logo
ENG



სააკაშვილი: მთიანი ყარაბაღი არის აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორია, ამას არაფერი შეცვლის

28 სექ 202013:51
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: მთიანი ყარაბაღი არის აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორია, ამას არაფერი შეცვლის

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა.

მისი თქმით, "ყველას, ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება, დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება, მშვიდად იცხოვრონ".

"აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სამხედრო შეტაკებები ძალიან გვაშფოთებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში მშვიდობა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. არ არსებობს დღეს უფრო დიდი ფასეულობა. ამიტომ დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალყურს ადამიანურ მსხვერპლს და სიტუაციის ესკალაციას. ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია, ეს ეფუძნება სახელმწიფო მთლიანობის პრინციპს, ესე იგი, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის, რა თქმა უნდა ამავე დროს ყველას, ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება, დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება, მშვიდად იცხოვრონ და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული.

საქართველო დაინტერესებულია კავკასიის სამ ერს შორის ძმურ-მეგობრულ ურთიერთობებში. ჩვენი მომავალი ისეთი უნდა იყოს, როგორც სამ ბალტიის ქვეყნებს შორის ურთიერთობაა და მხოლოდ გარე ძალები არიან დაინტერესებულები იმაში, რომ გაგვთიშოს და იბატონოს და ჩვენ ამის საშუალება მათ არანაირად არ უნდა მივცეთ", - წერს სააკაშვილი Facebook-ზე.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი გუშინ, 27 სექტემბერს გამწვავდა.

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა. გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია აზერბაიჯანის ზოგიერთ რეგიონში. ოფიციალური აზერბაიჯანი კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთს აზერბაიჯანის მიწების მითვისება სურს და ამას არც მალავს. ალიევი სომხეთს ადანაშაულებს მოლაპარაკებების შეწყვეტასა და პროვოკაციებში.

სომხეთის პრემიერმინისტრმა განცხადება დღის განმავლობაში რამდენჯერმე გააკეთა. მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაუშვას თურქეთის ჩართვა ყარაბაღის კონფლიქტში. მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეფეჯ თაიფ ერდოღანმა ღიად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანს.

ეუთოს მინსკის ჯგუფმა, რომელსაც საფრანგეთი, აშშ და რუსეთი ხელმძღვანელობენ, მოუწოდა მხარეებს, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და იმუშაონ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტისკენ მხარეებს რუსეთმაც მოუწოდა.

სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა. დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა.


close დახურვა