logo
ENG



სააკაშვილი: ოპოზიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ივანიშვილი გაფარჩაკდა

31 ოქტ 202020:11
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: ოპოზიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ივანიშვილი გაფარჩაკდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მთავარი არხის ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნები დამაჯერებლად მოიგო. მისი თქმით, გარდა პროპორციული სისტემისა, ნაციონალურმა მოძრაობამ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი და დიდი ქალაქი მოიგო. 

სააკაშვილმა ასევე თქვა, რომ მას "თანამდებობა არ აინტერესებს" და უნდა ჩამოყალიბდეს ეროვნული მთავრობა.

"იმ პირობებში, რომ მე არ მომეცა ჩამოსვლის საშუალება, საქართველოს სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ე.წ. ქართულ ოცნებაზე. ჩემი არყოფნის პირობებშიც კი ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო მინიმუმ 33%. ჩემი აზრით, უფრო ბევრიც, რადგან ნაციონალურმა მოიგო ყველა დიდი ქალაქი - მოიგო თბილისი, მოიგო ქუთაისი, მოიგო ბათუმი, მოიგო რუსთავი... ამ პირობებში, ეს ოპოზიციის ძალიან დიდი ტრიუმფია. ამ არჩევნებში ივანიშვილი დამარცხდა, გაფარჩაკდა. ამ პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეროვნული ერთიანობის მთავრობა ჩამოვაყალიბოთ. მე მიხეილ სააკაშვილი ვაცხადებ, რომ არ მივისწრაფი არც ერთი თანამდებობისთვის. ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსესუსური ფიგურები. უკრაინის პრემიერობაზე ვთქვი სამჯერ უარი. საქართველოში მით უმეტეს არ მაინტერესებს, მათ შორის არც პრემიერობა.", - აცხადებს სააკაშვილი. 

სააკაშვილი მოუწოდებს ივანიშვილს, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბაროს ოპოზიციას. ამასთან მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოქმედი მთავრობის არც ერთი წევრის მიმართ რეპრესიები არ განხორციელდება.

მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის მიერ ამ დრომდე ოფიცილაურად დასახელებულია პრემიერობის კანდიდატად.

მთავარი არხის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის თანახმად, 17:00 საათის მონაცემებით, მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას 41% აქვს, ნაციონალური მოძრაობა — ძალა ერთობაშიას 33%.

ცნობისთვის, ტელეკომპანია ფორმულას მიერ დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, 16:00 საათის მონაცემებით, ქართულ ოცნებას 46% აქვს, ხოლო სააერჩევნო ბლოკი: ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" - 28%. უარი პასუხზე 60%-მა განაცხადა.


close დახურვა