logo
ENG



სააკაშვილი: სრულად ვენდობი ინსპექტორის გამოძიებას, ვინც მის გაუქმებას აუწევს ხელს, მტერია

27 დეკ 202111:51
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მხარდაჭერას უცხადებს და ნდობას უცხადებს. იგი თავის მორიგ წერილში აღნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას მისი საქმის შესახებ ინსპექტორის დასკვნის ეშინია. 

სააკაშვილი ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებს, მოასწრონ და გამოაქვეყნონ, როგორც წინასწარი გამოძიების შედეგებ, ისე მისი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი.

"მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო ლონდა თოლორაია. მისი სახელი გავიგე მას შემდეგ, რაც მან ჩემს საქმეზე გაამტყუნა და დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო და გაირკვა, რომ სადღაც ერთ თვეში უნდა დაედოთ სპეციალური დასკვნა, ჰქონდა თუ არა ჩემს წამებას ადგილი.

სწორედ ამ დასკვნის ეშინია რეჟიმს, ვინაიდან ოფიციალური ორგანოს მიერ ჩემი წამების დადასტურება დიდი ალბათობით გამოიწვევს ჩემს უპირობო გათავისუფლებას საქართველოში, ისევე როგორც ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დროებით ღონისძიებას.

მათთვის ამის არდაშვება ყველაზე მნიშვნელოვანია და, დიდი ალბათობით, კუჭავაც იმიტომ გადააყენეს, რომ რა თქმა უნდა, წამოვა ზეწოლა დასავლეთიდან და კუჭავა ამას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.

მე სრულ ნდობას ვუცხადებ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებას და მიმაჩნია, რომ ყველა, ვინც მის გაუქმებას აუწევს ხელს, არის მტერი ქართული სახელმწიფოებრიობის, ვინც ბოლო ობიექტურ სახელმწიფო ინსტიტუტს ანგრევს. [...]

მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მათ დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ წინასწარი გამოძიების შედეგები და ასევე, ჩემი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი, რომლის განადგურების ბრძანებაც გასცა სუსმა, მაგრამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბოლო მომენტში მისი ამოღება მაინც შეძლო. ეს ის ფირია, რომლის ყველაზე "არაძალადობრივი" მომენტები გაუშვა ხელისუფლებამ", - წერს მიხეილ სააკაშვილი თავის მორიგ წერილში. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ინფორმაციას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა ლონდა თოლორაია. მისი განცხადებით, კანონპროექტი დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული და სამსახურის "დასჯას" ემსახურება.

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

მას ორი უწყება ჩაანაცვლებს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება. 

ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ მედიიდან გაიგო. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი "თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.


close დახურვა