logo
ENG



სააკაშვილი: წინა კვირას ყველაზე ცუდი ანალიზები მქონდა, სტრასბურგში გაგზავნეს, რომ ნორმაშია

16 მაი 202317:50
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: წინა კვირას ყველაზე ცუდი ანალიზები მქონდა, სტრასბურგში გაგზავნეს, რომ ნორმაშია

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ წინა კვირას სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები ჰქონდა, სტრასბურგში კი გაგზავნეს ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაში აქვს.

"წინა კვირას, სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები მქონდა, მას შემდეგ, რაც "ვივამედში" გადმოვედი. დღეს, მკურნალი ექიმები ერთხმად, ძალიან შეშფოთებული მიყვებოდნენ ამას.

წინა კვირასვე, კლინიკის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გააგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. ჩვენ ალტერნატიული ანალიზების გაკეთების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არ გვქონია.

არა უშავს, რუსეთის ჩამოშლასთან ერთად, ეს სიცრუის მანქანაც, რომლის მსხვერპლიც მე ვარ, აუცილებლად, ბოლომდე ჩამოიშლება.

შევეცდები, იმ დღემდე როგორმე ვიცოცხლო", - აცხადებს სააკაშვილი.

***

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს საქმეში "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავე დროს, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. 

ამავე დროს, ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე განმარტავს, რომ სასამართლოს სააკაშვილის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. დღევანდელი პასუხი "ე.წ. დროებით ღონისძიებას ეხება" მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე.

"ანუ დაცვის მხარემ ბუნებრივია, პროცესის დაწყებისთანავე სცადა და გამოიყენა ყველა, თუნდაც ის ძალიან მცირე და თეორიული ბერკეტები, რომლის საშუალებასაც იძლეოდა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია და სასამართლოს მუშაობის წესები. ე.წ. დროებითი ღონისძიება სწორედ, ერთ-ერთი ამგვარი მექანიზმი იყო და ამ პროცედურულ საკითხი ევროსასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა ვარშავაში, როგორც მინიმუმ მანამ სანამ საჩივრის განხილვა არ დასრულდება", - განმარტა თუთბერიძემ. 

***

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აპრილში მიმართეს. გარდა ამისა, დაცვის მხარე მოითხოვდა, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე, სააკაშვილის მიმართ დროებითი ღონისძიება გამოეყენებინათ და ყოფილი პრეზიდენტი სამკურნალოდ უცხოეთში გადაეყვნათ. როგორც ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენლები აცხადებდნენ, კლინიკა ვივამედში სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება და მას საზღვარგარეთ კომპლექსური მკურნალობა სჭირდება.

სახალხო დამცველის კონსილიუმის თებერვლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მათი თქმით, ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.

დასკვნის თანახმად, მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები. კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, ასევე, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. 

სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.


close დახურვა