ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შემქნას სთავაზობს. როგორც ის აღნიშნავს, ახლა ოპოზიციის სრული კოორდინაციაა საჭირო. ამის შესახებ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომელსაც დისტანციურად ესწრება.
მესამე პრეზიდენტის ინიციატივაა, რომ კომიტეტში ენმ-ის თავმჯდომარესთან, გენერალური მდივანთან და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან ერთად, "საზოგადოებისთვის ცნობილი პირები" გაერთიანდნენ.
"კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება, ძალა ერთობაშია და მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ასევე, მე მინდა, შევთავაზო [ოპოზიციას] ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა, როგორიც არის ამერიკაში. ხალხი უნდა შევიდეს, ნუ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ, ასევე, უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები. აუცილებელი არ არის, რომ იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. უნდა შევიდეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი.
ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი, ეს უნდა იყოს, ფაქტობრივად, ყოველგვარი ბიუროკრატიისგან თავისუფალი მოქნილი, ეროვნული თანხმობის სტრუქტურა, პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობის კონსენსუსის გზით იქნება ახალი იდეების გენერატორი, ჩქარი რეაგირების ადგილი და სხვებთან დიალოგის ადგილი [...] მე მზად ვარ, რომ შევიდე ამ კომიტეტის შემადგენლობაში. თქვენთან ერთად ვითათბირო", - განაცხადა მან.
სააკაშვილის განცხადებით, კომიტეტში პირველ ეტაპზე, 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს. მისივე თქმით, თუ ამის შესახებ ერთობლივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, შესაძლოა, კომიტეტის თავმჯდომარეც აირჩიონ.