logo
ENG



სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილებას ითხოვენ

15 ნოე 202113:55
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილებას ითხოვენ

სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილებას ითხოვენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილებას ითხოვენ. 

შესაბამისი შუამდგომლობა მათ ე.წ პიჯაკების საქმის განხილვაზე დააყენეს. 

ადვოკატები მიზეზად ექსპრეზიდენტის პროცესზე დასწრებაზე უარის თქმას ასახელებენ. ბასილაიას თქმით, ბადრი კოჭლამაზაშვილს დავალება აქვს, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში ვერ მივიდეს. 

"როდემდე აპირებთ, სუს-ის მონაჩმახის საფუძველზე უარი თქვას ექსპრეზიდენტის სასამართლო დარბაზში მოყვანაზე?". - ჰკითხა მოსამართლეს ბექა ბასილაიამ. 

"თქვენ გაქვთ დავალება, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში ვერ მოვიდეს. შეუძლებელია ამ საქმის განხილვა თქვენი თავმჯდომარეობით. ამ სასამართლოში არ მოიძებნება მოსამართლე, რომელსაც დააწერენ ამ საქმეს და იქნება ობიექტური. ამ სასასამართლოში არიან კეთილსინდისერი მოსამართლეები, მაგრამ მათ ხელში ეს საქმე ვერ მოხვდება. თქვენ არცხვენთ სასამართლოს. თქვენ წარმოადგენთ ჩამოშლილი მართლმსაჯულების სახეს". - განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილებისთვის საკმარისი საფუძვლები არსებობს. ამასთან, მისი განცხადებით, არ არის აუცილებელი, მოსამართლე იყოს მიკერძოებული. თუ ის ასეთ აღქმას ტოვებს, ეს უკვე არის აცილების საფუძველი. 

მოსამართლე აცილებაზე უარს ამბობს. 

ამ შუამდგომლობამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს, ე.წ პიჯაკების საქმის სხდომის გადაღების უფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, სხვა მედიებსაც მიეცეთ. 

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა უარი თქვა და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარის ამ მოთხოვნას შეეწინააღმდეგა პროკურატურაც. 

ბრალდების მხარეს არც ის სურს, ადვოკატებმა სასამართლო დარბაზიდან მათივე ტელეფონით ფეისბუქ ლაივი გაუშვან. 

სხდომაზე დასწრების თხოვნა სასამართლომ მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუკმაყოფილა, რომელსაც ვალდებულება აქვს, მასალა სხვა მედიებს მიაწოდოს. თუმცა, ვიდეომასალა, როგორც წესი, არის წყვეტილი და ფრაგმენტული, რაც სხვადასხვა მედიის ჟურნალისტებს სრული სურათის აღქმაში ხელს უშლის. 

10 ნოემბრის სხდომაზე, როცა თბილისის საქალაქო სასამართლო 7 ნოემბრის საქმეს განიხილავდა, მოსამართლეთა კოლეგიამ ადვოკატებს ტელეფონით ტრანსლაციის ნება დართო. 

დღევანდელ სხდომაზე დასწრების უფლება არ მიეცა თავად ბრალდებულს, მიხეილ სააკააშვილს. 

გადაწყვეტილება, სააკაშვილი არ გადაეყვანათ სასამართლო დარბაზში, პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო და მიზეზად სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შესაძლო დესტრუქცია დაასახელა. 

რაც შეეხება პიჯაკების საქმეს - ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება. მასთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ყოფილი უფროსი, თეიმურაზ ჯანაშია. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 4 წლის განმავლობაში 9 მილიონი ლარი გაფლანგა. 


close დახურვა