მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე მოითხოვს, რომ ექსპრეზიდენტის სავარაუდო მოწამვლის საქმეზე ექსპერტიზა FBI-მ ჩაატაროს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"გვინდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს ეს პროცესები და კიდევ ერთი, ხომ უნდათ ექსპერტიზის ჩატარება? FBI მოიწვიონ და ჩაატარონ, უფრო მეტიც, აღიძრას იქ სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება, ამაზე ვართ თანახმა", - განაცხადა მან.
ამასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მათ ახალი შეზღუდვები დაუწესეს. კერძოდ, ოჯახის წევრებს წერილების გამოტანა, ხოლო ადვოკატებს შაბათ-კვირას ექსპრეზიდენტთან შესვლა აეკრძალათ.
"შაბათ-კვირას ადვოკატები აგვიკრძალეს, წერილები ოჯახს აუკრძალეს და ადვოკატებს შეგვეძლება წერილების გამოტანა [...] რაც შეეხება ამ მასკარადს, ამაზეც მოვითხოვ, რა რეგულაციებია, პრემიერმინისტრის მიერ მსგავსი რეგულაციები გაუქმებულია [...] ზედმეტი შოუს ელემენტებია ამის უკან რაღაც დგას, ვითომ, ძალიან დიდი მზრუნველობა მიდის სააკაშვილის მიმართ და ასე შემდეგ", - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი და ყოფილი ადვოკატი და წამყვანი მარკ ფეიგინი საზოგადოებას მოუწოდებენ, 4 იანვარს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს საელჩოებთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გამართონ.
19 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა სთხოვა. ზელენსკიმ თქმით, "ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა".
"მივმართავ ქართველ ერს და საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინეთ გულმოწყალეობა, განსაკუთრებით, შობის წინ. ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა. ეს არ შეეფერება საქართველოს. ეს უნდა შეჩერდეს.
გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მის სიცოცხლეს დაიცავს. გადაიყვანეთ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან აშშ-ის რომელიმე კლინიკაში. დროა, გადაიდგას ეს ნაბიჯი!"- თქვა ზელენსკიმ.
***
სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.
გარდა ამისა, 24 დეკემბერს შაბათის ფორმულამ მოიპოვა სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.
რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.
14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.