logo
ENG



სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანამდე ხოშტარია მედიკამენტებსა და გადასხმებზე უარს ამბობს

19 ნოე 202110:03
3 წუთის საკითხავი
 

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე მედიკამენტოზურ მკურნალობას წყვეტს და უარს ამბობს გადასხმებზე

"გუშინ მთელი ღამე ველოდებოდი იმ კადრს ან ფრაზას, რომ გადაყავთ ამდენი ექიმის რეკომენდაციის და პანიკის შემდეგ. საბოლოო ჯამში, ღამიდან დავასკვენი, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილის თავში და არამარტო, მიდის საშიში პროცესები და კრიტიკულ რამდენიმე საათში გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე. დრო არათუ აღარაა, შეიძლება დაგვიანებულია.

ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ, არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ.

მე სხვა გზა არ მაქვს. ვერ ვიჯდები უმოქმედოდ გადამწყვეტ წუთებში. გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში სასწრფოდ! - წერს ხოშტარია facebook-ზე.

ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-17 დღეა პარლამენტში შიმშილობს. 

გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა

მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ. 

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ომბუდსმენის რეკომენდაციები და უმკურნალონ მას "ღირსეულად და სამართლიანად". 

სახდეპი თავის განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. 

17 ნოემბერს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადა. კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­ებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.


close დახურვა