logo
ENG



სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 11 იანვარს ჩაინიშნა

09 იან 202317:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/09/p43sgk8x4svf193.png

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების მორიგი სასამართლო პროცესი 11 იანვარს 12:00 საათზე ჩაინიშნა. დღეს სხდომაზე ამერიკელი ექიმი შაჰინ ლახინი გამოიკითხა.

სხდომაზე ექიმმა ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილის სერიოზული დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის და ჩამოთვალა ექსპრეზიდენტის დიაგნოზები. კერძოდ, ექსპერტმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს აქვს დემენცია, პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, ხერხემლის სვეტის, კისრის მიდამოში მალებს შორის დისკების მხრიდან ზურგის ტვინის კომპრესი და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. მისივე თქმით, სააკაშვილს ბევრი შეუსაბამო მედიკამენტი დაუნიშნეს.

მისივე თქმით, სააკაშვილს აქვს კრუნჩხვები, რამაც პაციენტი, შესაძლოა, უცებად სიკვდილამდე მიიყვანოს. ექიმის განცხადებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა სწრაფად მძიმდება და მას სწორი მკურნალობა არ უტარდება.

***

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

გარდა ამისა, 24 დეკემბერს შაბათის ფორმულამ მოიპოვა სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.

 


close დახურვა