logo
ENG



საამაყო მამის საამაყო შვილი - მათიკაშვილმა ბერა დაიცვა და ჟურნალისტებს პოლიტმეძავები უწოდა

28 ივნ 202001:43
3 წუთის საკითხავი
 
ie3o3spv28wxsij.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი Facebook-ზე მმართველი გუნდის ლიდერის შვილს, ბერა ივანიშვილს სტატუსს უძღვნის. 

დეპუტატი Facebook-პოსტში ბერა ივანიშვილს "საამაყო მამის საამაყო შვილად" მოიხსენიებს. იგი მიიჩნევს, რომ ბერა ივანიშვილმა "მტრობა" წესიერებით და გამორჩეული ადამიანობით დაიმსახურა. 

გარდა ამისა, მმართველი გუნდის წევრმა, ბერაზე მომზადებული სიუჟეტის გამო ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა და მათ "პოლიტიკურად "მეძავი" ვაი ჟურნალისტები" უწოდა. 

"ბერა ივანიშვილი დღეს მტერია მათი, "მტრობა" წესიერებით და გამორჩეული ადამიანობით დაიმსახურა, და კიდევ იმით რომ ნაც ხროვის დამარცხებაში მამას და მთელ ქართველ ხალხს გვერდით ედგა 2012 წელს! ბერა, საამაყო შვილია საამაყო მამის, აი ამას ვერ იტანენ ეშმაკისეული პოლიტიკანები და პოლიტიკურად "მეძავი" ვაი ჟურნალისტები! გრცხვენოდეთ და მშვიდად დაელოდეთ თქვენს პოლიტიკურ აღსასრულს! არც ისე შორსაა 31 ოქტომბერი!!!!!" - წერს დავით მათიკაშვილი

ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" მოამზადა სიუჟეტი, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან, შესაძლოა, ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარს ჰქონდეს კავშირი. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილი მედიის წინააღმდეგ, დეზინფორმაციასთან ბრძოლის არგუმენტით, მოქმედება დაიწყო. მაგალითად, თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციურად განწყობილი მედიის წინააღმდეგ ფეისბუკ კამპანია დააანონსა და პირველი გადაცემაც ჩაატარა. მან სამი არხი: „ფორმულას“, „TV პირველსა“ და „მთავარს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. 

მერის ამ ქმედებას "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" გამოეხმაურა. ორგანიზაციის განცხადებით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალების მისამართით კამპანიის წარმოება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის დეკემბერში ფეისბუქმა თავისი პლატფორმიდან, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული 418 ქართული ანგარიში, კერძოდ 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

 

 


close დახურვა