logo
ENG



სააპელაციო სასამართლომ მასალების ამოღებაზე TV პირველის საჩივარი არ დააკმაყოფილა

23 მარ 202119:08
3 წუთის საკითხავი
clock 1068
სააპელაციო სასამართლომ მასალების ამოღებაზე TV პირველის საჩივარი არ დააკმაყოფილა

იურისტ გიორგი მშვენიერაძის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიროტაძემ TV პირველის საჩივარი მასალების ამოღების შესახებ არ დააკმაყოფილა.

ამაზე იურისტი ფეისბუქის გვერდზე წერს, სადაც ასევე ასაჯაროვებს განჩინების დეტალებსაც. 

"სააპელაციო სასამართლომ თქვა (შინაარსობრივად გაიმეორა თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება), რომ განჩინების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს განჩინებაში მოცემული ტექსტი არის "სტანდარტული სავალდებულო ჩანაწერი" და ყოველთვის მიეთითება ჩხრეკა-ამოღების შესახებ განჩინებებში.

სააპელაციო სასამართლომ იქვე დასძინა, რომ ეს შემთხვევა გამონაკლისია სხვა შემთხვევებისგან, რადგან ჟურნალისტურ საქმიანობას ეხება, თუმცა მიიჩნია, რომ ამ საკითხზე სასამართლოს ნებართვა პროკურატურას არც სჭირდება და პროკურატურამ თავად უნდა გადაწყვიტოს კანონის შესაბამისად პროპორციულობის პრინციპის დაცვით იძულების გამოყენების საკითხი.

ვფიქრობ, სასამართლომ ამ განმარტებით უარი თქვა ყოფილიყო ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტორი და "თავიდან მოიშორა" საკითხის ამ ნაწილში შესვლა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სააპელაციო სასამართლომ სასამართლოს გადასაწყვეტ საკითხთა ნუსხიდან ამორიცხა იძულების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის ფუნქცია, რაც საკუთარი დანიშნულებისა და როლის არასწორი აღქმის შედეგად მიმაჩნია", - წერს მშვენიერაძე.

TV პირველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პროკურატურას უფლება ეძლევა ტელეკომპანიიდან მასალები ამოიღოს, სააპელაციო სასამართლოში 12 მარტს გაასაჩივრა.

11 მარტს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების, "წინააღმდეგობის გაწევისას" კი "იძულების პროპორციული ზომის" გამოყენების უფლება მისცა. ფრაზა იძულებაზე აღნიშნულია მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის განჩინებაში, რომელიც ტელეკომპანიამ 10 მარტს მიიღო.

მოგვიანებით, პროკურატურამ მოსამართლის განჩინებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ გავრცელებული ინფორმაცია "ტელევიზიაში შეჭრაზე", სიცრუეა.


close დახურვა