logo
ENG



საარჩევნო კოდექსზე ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს

07 ივლ 202318:40
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პარტია გირჩი აცხადებს, რომ 3 ივლისს პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლევა ქართულმა ოცნებამ გააყალბა და დაძლევას სინამდვილეში მხარი არა 78-მა, არამედ 73-მა დეპუტატმა დაუჭირა.

გირჩის ცნობით, პარლამენტის სხდომის ვიდეო ჩანაწერების ნახვის შემდეგ დაადგინეს, რომ კენჭისყრას არ ესწრებოდა ოცნების 5 დეპუტატი და მათ ნაცვლად ვეტოს დაძლევას ხმა სხვა დეპუტატებმა მისცეს.

ეს დეპუტატები არიან: გივი ჭიჭინაძე, ბექა ოდიშარია, დიმიტრი სამხარაძე, ლევან კობიაშვილი, კახა კახიშვილი.

გირჩის წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, რეგლამენტის თანახმად ხმები ხელახლა უნდა გადათვლილიყო მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სხდომა გააგრძელა.

ქართული ოცნების ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტი ვეღარ შეარჩევს - მის ნაცვლად, კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. 

ამასთან, იცვლება ცესკოს წევრების არჩევის წესიც - კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ ცესკოს 7 წევრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.

პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტო 26 ივნისს დაადო. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობდა, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეული იქნენ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა.


close დახურვა