logo
ENG



საგამოძიებო: პატიმარმა ბადრაგს იარაღი ამოაცალა, 2-ჯერ ისროლა და თავში დაზიანება მიიყენა

20 აგვ 202218:12
3 წუთის საკითხავი
 
საგამოძიებო: პატიმარმა ბადრაგს იარაღი ამოაცალა, 2-ჯერ ისროლა და თავში დაზიანება მიიყენა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მომხდარი შემთხვევის შესახებ აცხადებს, რომ 28 წლის პატიმარმა ციხის ბადრაგს ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და თავის არეში დაზიანება მიიყენა.

საგამოძიებო სამსახურის თქმით, პატიმარი ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს უკნიდან მიეპარა, იარაღი წაართვა და 3-ჯერ ისროლა: ერთხელ უმისამართოდ, მეორედ სამმართველოს თანამშრომლის მიმართულებით, ბოლოს კი თვითდაზიანება მიიყენა.

სამსახურის თქმით, შემთხვევა 20 აგვისტოს, დღის საათებში მოხდა და მათ მომხდარის ადგილიდან კვლევისთვის საჭირო ნიმუშები უკვე აიღეს, ასევე მოიპოვეს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით მიმდინარეობს, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია. 

უწყება აცხადებს, რომ მზადაა საქმის გამოძიების პროცესში პატიმრის ოჯახის წევრების ჩართულობა უზრუნველყოს და მათ შეგროვებული მასალები გააცნოს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება:

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის 20 აგვისტოს, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” პატიმარ გ.ს.-ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, აღებული იქნა შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, მიმდინარეობს სამართალდამცავების გამოკითხვა, ასევე მოპოვებული იქნა გამოძიების მიერ ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.

გამოძიების ხელთ არსებული მასალებით დგინდება, რომ 2022 წლის 20 აგვისტოს დილის საათებში, სმენის გადაბარების დროს, ბრალდებული პატიმარი გ.ს. უკნიდან მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, რომელსაც ამოაცალა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ ერთი გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა (გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა). ამის შემდეგ, იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება.

მიღებული დაზიანების შემდეგ დაზარალებული კავკასიის მედიცინის ცენტრში იქნა გადაყვანილი, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას და შეისწავლის ინციდენტში მონაწილე სამართალდამცავების ქმედების კანონიერების საკითხს.

სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას სრულად უზრუნველყოს მოქალაქე გ.ს.-ს ოჯახის წევრების ჩართულობა მიმდინარე გამოძიებაში და გააცნოს როგორც ფაქტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, ასევე სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია."

28 წლის პატიმარი, რომელიც სასჯელს გლდანის ციხეში იხდიდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან დღეს კავკასიის მედიცინის ცენტრში, თავში იარაღით მიყენებული ჭრილობებით გადაიყვანეს.

ოჯახის თქმით 28 წლის გურამ სვანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2 კვირის წინ შეეფარდა და გლდანის ციხეში იხდიდა სასჯელს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა ოჯახის თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაყვანიდან 1 დღის შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრის უკან, გლდანის ციხეში დაბრუნება გადაწყვიტა. შემთხვევა კი ამ დროს მოხდა.

ოჯახის ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ პატიმარმა ცენტრიდან ციხეში გადაყვანისას ციხის ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა და თვითდაზიანებები მიიყენა. ოჯახი ამ ვერსიას უარყოფს.

28 წლის კაცი ახლა რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე მყოფება. ოჯახის თქმით, მას გამჭოლი ჭრილობა და ტვინის დაზიანება აქვს.

 


close დახურვა