საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ინიციატივით გამოდის, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ის საჩივარი გამოითხოვოს, რომელზეც ოპოზიცია აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიამ და სასამართლოებმა არ განიხილეს.
ამასთან დაკავშირებით სუბარმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ისაუბრა:
"ხშირად ამბობენ, რომ არ მიიღეს სასამართლოებმა ძალიან ბევრი საჩივარი და კომისიებშიც არ მოხდა განხილვა. ყველა ამ საჩივრის გამოთხოვა შეიძლება და საზოგადოებას ვეტყვით პასუხს, რაზეც ჩვენ ვამბობდით, რომ საჩივარი დაწერილი იყო ან არაუფლებამოსილი პირის მიერ ან ერთი და იგივე საჩივარი იყო შეტანილი ხუთი სხვადასხვა პირის მიერ, რათა რაოდენობა გაზრდილიყო - ეს მართლა ასეა თუ რეალურად საფუძველი ჰქონდა ამ საჩივრებს და არ იქნა მიღებული სასამართლოების მიერ. იმ არგუმენტების წარდგენა საზოგადოებისთვის, თუ სად არის სიმართლე, ძალიან მარტივად შეიძლება და ესეც უნდა გააკეთოს კომისიამ", - განაცხადა სუბარმა.
საგამოძიებო კომისიის შექმნა უმრავლესობამ მას შემდეგ დააანონსა, რაც ოპოზიციამ, არჩევნების გაყალბების მიზეზით, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. ამ დროის მონაცემებით, კომისიაში მხოლოდ მმართველი პარტია და ევროპელი სოციალისტები იქნებიან. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ მსგავსი კომისიის მუშაობას და ბიულეტენების გადათვლას აზრი აღარ აქვს, რადგან არჩევნებიდან ბევრი დროა გასული. ისინი მიუთითებენ ასობით საჩივარზე, რომელთა განხილვაზე უარი ეთქვათ.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დეპუტატები უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.