logo
ENG



საგანგებო მდგომარეობა ფარატინა ფურცლად იქცევა - ოპოზიციაში შერჩევით სამართალზე საუბრობენ

12 აპრ 202017:29
3 წუთის საკითხავი
 

რატომ გაჩერდა ქვეყნის ეკონომიკა, თუკი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფები სოციალური დისტანცირების მოთხოვნას არ ასრულებენ? - ამ ფონზე პოლიტიკურ სპექტრში საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, თუ კანონი ყველა მოქალაქისთვის ერთნაირად არ აღსრულდება, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი თავის დანიშნულებას ვერ შეასრულებს.

„საგანგებო მდგომარეობის აღსრულება არ ხდება ერთნაირად, ერთნაირი კანონის ძალით ყველა ადამიანისათვის და საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის. ასეთ პირობებში საგანგებო მდგომარეობა იქცევა ფარანტინა ფურცლად, რომელიც ვეღარც თავის დანიშნულებას ასრულებს, რომ ვირუსის გავრცელება შევაკავოთ და მეორე მხრივ, ასეთ უგუნურად ფორმულირებულ საგანგებო მდგომარეობას ზედმეტი სიმკაცრეებით, მოაქვს იმ ტიპის შეზღუდვები, რომლებიც ზომაზე მეტ ზიანს იწვევს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ანტიკრიზისული გეგმის დროულად შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავრობა შექმნილი ვითარების შედეგად მძიმე პირობებში მყოფ მოქალაქეებს უნდა დაეხმაროს.

„საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ნიშნავს ყოველგვარი საარსებო წყაროს გარეშე ასობით ათასი ოჯახის ჩაკეტვას სახლში. ამიტომ აუცილებელია, მთავრობამ წარმოადგინოს ანტიკრიზისული ზომების პაკეტი, სადაც იქნება გაწერილი დახმარების ყველა ის გეგმა, რაც თითოეულ ოჯახს უნდა გაეწიოს“, - განაცხადა გოცირიძემ.

შერჩევით სამართალზე საუბრობს მესამე სექტორიც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე უნდა გაგრძელდეს, თუმცა მასაც უჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობის ნაწილი შეზღუდვებს არ ემორჩილება.

„სამწუხაროა, რომ ჩვენ ვხედავ შერჩევით მიდგომებს. მრევლი არ ექვემდებარება ამ შეზღუდვებს და არღვევენ დადგენილ წესებს, რაც საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ კიდევ უფრო დიდი ხნით მოგვიწევს სახლში ყოფნა. თუკი ყველა არ შეასრულებს ამ წესს, ჩვენ გვექნება მეტი პრობლემა. ამ საგანგებო ვითარების დროს მეტია ალბათობა ადამიანის უფლებების დარღვევის, ამიტომ ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური მექანიზმები შეიმუშაოს და უკვე არსებული უფრო ეფექტურად აამოქმედოს, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადამეტებას“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

საკითხთან დაკავშირებით დღეს მმართველ გუნდში კომენტარი არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 მარტს გამოცხადდა და ის ძალაში 21 აპრილამდეა. 


close დახურვა