საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს.
მათი თქმით, საქართველო მხარს უჭერს დიალოგს ორ მხარეს შორის, ამასთან, გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სამშვიდობო პროცესის განხორციელებას.
"დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ძალისხმევა და მრავალმხრივი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება შედეგს გამოიღებს გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს მთლიანად რეგიონისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
10 ნოემბერს სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, შეთანხმებას "განსაკუთრებით მტკივნეული უწოდა როგორც მისთვის, ისე სომეხი ხალხისთვის".