საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და მოუწოდა ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
"სენატი მხარს უჭერს, ევროკავშირის გაფართოებას ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მქონე იმ ქვეყნების გაწევრიანებით, რომლებიც პირნათლად ასრულებენ ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და აგრძელებენ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე. ის ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ თვითშეფასების კითხვარის უმოკლეს ვადებში შევსებას და ბრიუსელისთვის გადაცემას", - აღნიშნულია საგარეოს ინფორმაციაში.
საგარეოს ცნობით, რეზოლუციაში აღნიშნულია ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ხაზგასმულია, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნების მიმართ იყოს ერთიანი მიდგომა. ვინაიდან, რომელიმე ამ ქვეყნის პროცესის გარეთ დატოვებას ექნება დამანგრეველი ეფექტი საზოგადოების პრო-ევროპულ განწყობებზე და მისცემს "მწვანე შუქს" რუსეთს, სხვა არაპროგნოზირებადი გამანადგურებელი ქმედებებისთვის.
"დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ ათწლეულების მანძილზე ქართველი ხალხი მტკიცედ ისწრაფოდა ევროპული ინტეგრაციისკენ, რამაც ასევე ასახვა ჰპოვა მთავრობების მიერ გატარებულ პრო-ევროპულ პოლიტიკაში. რეზოლუციაში ჩამოთვლილია ის კონკრეტული მიმართულებები, რომელშიც წარმატებით განხორციელდა რეფორმები, მათ შორისაა: დემოკრატიის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, მთავრობის გამჭვირვალობის გაძლიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა. სენატი მიესალმება საქართველოს მიღწევებს ამ გზაზე და მოუწოდებს მას, გააგრძელოს საჭირო რეფორმების გატარება ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს, მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს და წარმატებით განაგრძოს რეფორმების განხორციელება", - აღნიშნულია საგარეოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.