საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მხარეს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან და თავისი პოზიციები დააფიქსიროს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც ქართული მხარისგან შესაბამის პასუხს მიიღებს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე არ განხილულა "კოვიდ 19" ვაქცინის საკითხი, ისევე როგორც 2019 წლის ივნისი მოვლენები და "მით უმეტეს არ დადასტურებულა ორმხრივი განწყობა ანტირუსული პროვოკაციის შედეგების გადალახვაზე".
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას და თავისი შინაარსითა და მოწოდებით არაფორმალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ფორმატის პოლიტიკური მიზნებისა და პროპაგანდისათვის გამოყენებას",-ნათქვამია უწყების მიერ გავცელებულ განცხადებაში.
ზურაბ აბაშიძის და გრეგორი კარასინის შეხვედრა 27 ნოემბერს დისტანციურად შედგა. შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და მიუთითა, რომ "შეხვედრაზე დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი რუსული ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად".
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამის შესახებ არაფერი ეწერა.
2019 წლის ივნისში, რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და მისთვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დათმობას პროტესტი მოჰყვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გადამეტებით დაშალა. დაშავდა ათობით მოქალაქე. პროტესტის შემდეგ რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერა. რუსული მხარე განცხადებაში "პროვოკაციის უარყოფით შედეგებში" სწორედ ფრენების შეჩერებას გულისხმობს და მის აღდგენაზე ლაპარაკობს.