საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი დაბარებული არაა. როგორც უწყებაში ფორმულას უთხრეს, შეხვედრას საელჩოს დიპლომატი გამართავს.
"უწყებაში შეხვედრას გამართავს საელჩოს დიპლომატი, რომელიც დადგენილი წესის თანახმად გაუცვლის ინფორმაციას უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ უკრაინის მოქალაქე", - აღნიშნავენ სამინისტროში.
გამოცემა UNIAN საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს. სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანი, სერგეი ნიკიფოროვი. მისი თქმით, ზელენსკი საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია და ვითარებას აკვირდებიან.
მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. მოგვიანებით, სააკაშვილის ციხეში გადაყვანის კადრებიც გავრცელდა.
როგორც ინფორმაცია ვრცელდება, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დღეს დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტია უკვე საქართველოში იმყოფება.
მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს ვიდეო გაავრცელა, რომელიც ბათუმში იყო გადაღებული, რითაც განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფებოდა.
მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი რეალურად ქვეყანაში არ შემოსულა და გავრცელებული ვიდეოც ყალბი იყო. შსს-ში გამართულ ბრიფინგზე კი მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ სააკაშვილს უკრაინაც არ დაუტოვებია.