logo
ENG



საგარეო: ქართული მხარე მიესალმება NATO-ს სამიტის კომუნიკეში გამოხატულ მხარდაჭერას

11 ივლ 202323:51
3 წუთის საკითხავი
 
საგარეო: ქართული მხარე მიესალმება NATO-ს სამიტის კომუნიკეში გამოხატულ მხარდაჭერას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-ს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქართული მხარე მიესალმება სამიტის დასკვნით დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართული მხარისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია NATO-ს ვილნიუსის სამიტში მონაწილეობა.

უწყებაში ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის მონაწილეობა ვილნიუსის სამიტში კიდევ ერთხელ მიუთითებს NATO-საქართველოს თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოს ინტეგრაციული პროცესის შეუქცევადობას.

"საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სამიტზე წევრი ქვეყნების მიერ დადასტურებული მზაობა, რათა გაგრძელდეს მუშაობა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, განხორციელების მიმართულებით.    

ქართული მხარე მიესალმება, ნატო-ს მტკიცე და ცალსახა პოზიციას, რომ დაუშვებელია სუვერენული ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანის შეზღუდვის მცდელობები.

შექმნილი კომპლექსური და რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ქართული მხარისთვის განსაკუთრებით ღირებულია სამიტზე ალიანსის მიერ დაფიქსირებული ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც, მოწოდება რათა რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული მისი საოკუპაციო ძალები და უარი თქვას საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე.

საქართველო მიესალმება ნატო-ს მხრიდან, გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი მნივშნელოვანი წვლილის აღიარებას და ადასტურებს მზაობას კვლავ გააგრძელოს აქტიური ჩართულობა ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში.

ქართული მხარე უაღრესად აფასებს სამიტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების და თავსებადობის გაძლიერების კუთხით და გამოხატავს მადლიერებას წევრი ქვეყნების მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის და საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ღონისძიებების ფარგლებში განხორცილებული უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის.

საქართველო გამოხატავს მხარდაჭერას სამიტზე ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ და ადასტურებს მზაობას კვლავაც გააგრძელოს ჩართულობა შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით სტრატეგიულ დიალოგში.

საქართველო მიესალმება სამიტის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებას, შვედეთის გაწევრიანების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა გადაწყვეტილებებს უკრაინასთან მიმართებაში და როგორც ასპირანტი ქვეყანა უაღრესად აფასებს ღია კარის პოლიტიკის განხორცილების მიმართულებით გადადგმულ ყველა ნაბიჯს.

საქართველო, მისი კონსტიტუციური ნორმის შესაბამისად, კვლავაც გააგრძელებს არსებული ინტეგრაციული ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებას" , - აღნიშნულია საგარეოს განცხადებაში.

NATO-ს ვილნიუსის სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა კომუნიკე, რომელშიც საუბარია როგორც უკრაინაზე, ასევე საქართველოზე.

საქართველო გახდება NATO-ს წევრი MAP-ით, წინსვლისთვის საჭიროა პროგრესი რეფორმებში - კომუნიკე

NATO-ს წევრობა MAP-ის გარეშე, პირობები წევრობისთვის, დახმარების პაკეტი - კომუნიკე უკრაინაზე


close დახურვა