საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს.
"2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავზე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ გზით საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის უზრუნველყოფას და ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფას", - აცხადებენ უწყებაში.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იმუქრება, რომ რუსეთი არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შეიერთებს.
მედვედევი ამის შესახებ სტატიაში საუბრობს, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საიუბილეო თარიღიდან 3 დღით ადრე გამოაქვეყნა და რომელშიც 2008 წლის შემდეგ მოვლენებსა და უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრობს.