logo
ENG



საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს EU-ში გაწევრიანების კითხვარი გასაჯაროვდება

15 აპრ 202213:29
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გასაჯაროვდება და დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო სხდომაზე მიიღეს.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის მისამართით. შესაბამისად, დღეს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება და აღნიშნული დოკუმენტი გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის" - ამბობს მინისტრი.

ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროებას ითხოვდნენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციები.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 

კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ სფეროს.

კითხვარის ჩაბარების შემდეგ ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოსაზრებას შეიმუშავებს, რომელსაც ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის. კითხვარი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა. 

 


close დახურვა