საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ უწყებაში ფორმულას განუცხადეს.
ტელეკომპანია მთავარი არხის ინფორმაციით, აშშ-ში პრემიერ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს ელჩს დავით ზალკალიანს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ზალკალიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. მათივე ინფორმაციით, კონფლიქტი ელჩსა და პრემიერს შორის, შეხვედრების გაუქმებას მოჰყვა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ყოველწლიურ ტრადიციულ მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმა. ბაიდენი მსოფლიო ლიდერებსა და გაეროს მაღალჩინოსნებს 25 სექტემბერს უმასპინძლებს.
როგორც ამერიკის ხმა წერდა, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ამერიკის ხმას ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს.
გარდა ამისა, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერმინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.
ამერიკის ხმისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯებია, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე მმართველი ძალის მიერ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები. გამოცემის ინფორმაციით, უკანასკნელმა კომუნიკაციამ საქართველოს მთავრობასთან, არ მისცა ამერიკის ადმინისტრაციას იმედი, რომ თბილისი კურსს შეიცვლის.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში მყოფი მსოფლიო ლიდერებისთვის, ამგვარ მიღებას ტრადიციულად, ყოველ წელს მართავს. ასევე ტრადიციულად, როგორც წესი, მიღებაზე მიწვეულნი არიან მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის ლიდერები, გარდა ისეთი ქვეყნებისა როგორიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვა.