logo
ENG



საგარეო ქართველ ტყვეებზე: ინფორმირებულები ვართ, გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს მათ დასაცავად

15 ნოე 202315:19
3 წუთის საკითხავი
 
საგარეო ქართველ ტყვეებზე: ინფორმირებულები ვართ, გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს მათ დასაცავად

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმირებულნი არიან უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ ტყვედ აყვანის შესახებ.

"ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად", - აღნიშნავენ უწყებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველი სამხედროს ტყვედ აყვანა შეძლო. სამინისტროს მტკიცებით, ესენი არიან საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძე და გიორგი ჩუბეთიძე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარ Telegram-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, მათი მტკიცებით, ქართველი ტყვის დაკითხვის კადრებია და აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძე უკრაინის მე-2 ინტერნაციონალურ ლეგიონში სნაიპერი იყო.

გარდა ამისა, რუსული სამთავრობო მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ტყვედ აყვანილია ამავე ლეგიონის კიდევ ერთი მებრძოლი, საქართველოს მოქალაქე გიორგი ჩუბითიძე.

რუსული მედია ტყვედ ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქეების ვიდეოს ავრცელებს და მათ დაქირავებულებს უწოდებს.


close დახურვა