საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყარაბაღში ვითარების გამწვავებას ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ "მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე".
საქართველო ასევე მოუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თავმდჯომარეებს, საერთაშორისო აქტორებს, მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისთვის.
''ჩვენ მხრივ კი ვაცხადებთ რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას'' - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
დღეს, 27 სექტემბერს, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა.
სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის განცხადებით, დაიბომბა სოფლები და ქალაქი სტეფანაკერტი. სამხედრო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 2 ადამიანი დაიჭრა.
ოფიციალური აზერბაიჯანი აცხადებს, რომ კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება.