logo
ENG



საგარეომ უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი მიიწვია და აირზენას სანქცირებაზე პასუხი სთხოვა

03 ივლ 202319:51
3 წუთის საკითხავი
clock 537
საგარეომ უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი მიიწვია და აირზენას სანქცირებაზე პასუხი სთხოვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ დღეს უწყებაში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან Georgian Airways-ის სანქცირების საკითხი განიხილეს და ამასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს "განმარტებები ეთხოვა".

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ავიაკომპანიის დასანქცირება უკრაინის მხრიდან "საფუძველს მოკლებულია".

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისის სანქციების სიაში შეყვანის საკითხი წარმოადგენდა. შეხვედრაზე გამოიხატა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქართული მხარის შეფასებით საფუძველს მოკლებულია. უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით. ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება დააფიქსირა ქ. კიევში საქართველოს ელჩმაც"- აცხადებენ საგარეოში. 

უკრაინამ ქართულ ავიაკომპანიას, Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა. ახალი პაკეტი მოიცავს პერსონალურ სანქციებს Georgian Airways-ის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის წინააღმდეგაც.

თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ფრენებზე შეზღუდვა მოხსნა, Georgian Airways იყო ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია, რომელმაც მოსკოვთან ფრენების დაწყებაზე ნებართვა მოითხოვა.

პირველ ივნისს უკრაინამ Georgian Airways და თამაზ გაიაშვილი დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა. ამავე სიაში, ასევე, შეყვანილია პუტინისტი ვალერი კვარაცხელიას შვილის დავით კვარაცხელიას კომპანია, რომელიც რუსულ ავიაკომპანიას მომსახურებას უწევს.


close დახურვა