logo
ENG



საერთო საცხოვრებელში ღირსების შემლახავი მდგომარეობაა - ლომჯარია თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა

15 ივნ 202212:57
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.

ლომჯარიამ შეხვედრის შემდეგ სტუდენტების პრობლემებზე ისაუბრა და სთხოვა როგორც განათლების სამინისტროს, ასევე უნივერსიტეტის მენეჯმენტს, სტუდენტების პრობლემები გულთან მიიტანონ და სერიოზულად მოეკიდონ მათ გადაჭრას.

ლომჯარიას თქმით, ათასობით სტუდენტია, რომელიც თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებს და ისინი შეღავათებს არა გამოცდებში, არამედ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე სწავლისა და საგამოცდო პროცესის მორგებას ითხოვენ.

ლომჯარიამ სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბაგებში არსებული საერთო საცხოვრებელი ღირსების შემლახავია და იქ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოა.

"მთავარი მოთხოვნა და პრობლემა, რაც სტუდენტებმა გააჟღერეს, ეს არის სტუდენტური საცხოვრებლის პრობლემა. დღესდღეობით არსებობს ორი საცხოვრებელი - ერთი ბაგებში, მეორე ლისზე. როგორც მითხრეს, ლისზე უკეთესი პირობების საცხოვრებელია, თუმცა იქ უკვე აღარ არის ადგილები, დაახლოებით 7 თავისუფალი ადგილია. რაც შეეხება ბაგებში არსებულ საცხოვრებელს, იქ არსებული მდგომარეობა ღირსების შემლახავი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოა, იქ არ შეიძლება არც სტუდენტი და არც ზოგადად ვინმე ცხოვრობდეს, ეს წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში სტუდენტებს სთავაზობდნენ მსგავსს ფართს საცხოვრებლად.

არის ათასობით სტუდენტი, რომელიც ვერ ახერხებს ჩამოვიდეს თბილისში, იქირაოს ბინა და დაესწროს ლექციებს, გამოცდებს და ამიტომ, მინდა ყველას ავუხსნა, რომ სტუდენტები არ ითხოვენ შეღავათებს გამოცდებში, ისინი ითხოვენ შეღავათებს მათ სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტში სწავლა და საგამოცდო პროცესი მოერგოს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, რაც აქვს თითოეულ მათგანს.

ვთხოვ, როგორც განათლების სამინისტროს, ასევე უნივერსიტეტის მენეჯმენტს, რომ ეს საკითხები გულთან მიიტანოს და სერიოზულად მოეკიდოს მათ გადაჭრას და პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დაიწყოს გულწრფელი საუბრები ბავშვებთან", - თქვა ლომჯარიამ. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 მაისიდან აუდიტორიული სწავლება განახლდა. სტუდენტები ითხოვდნენ, მიმდინარე სემესტრი ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელებულიყო, მიზეზად კი ბინების გაძვირებას ასახელებენ და ამბობენ, რომ ქირაობა არ შეუძლიათ.

11 მაისს, განათლების სამინისტრომ თსუ-ს მოუწოდა, 2021-2022 სასწავლო წელი ჰიბრიდულ ფორმატში დაასრულოს, რის შემდეგაც, თსუ-მ გაავრცელა განცხადება, რომ სწავლა ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელდებოდა, თუმცა ფინალური გამოცდები აუდიტორიაში ჩატარდებოდა.

ამასთან, თსუ-ს გადაწყვეტილებით, თბილისის გარდა საგამოცდო ცენტრები - ქუთაისსა და ახალციხეშიც მოეწყობა.


close დახურვა