logo
ENG



საეჭვო პირთა ჩამონათვალში მე არ გამოვრიცხე მათ შორის ეს ადამიანი - ბესელია ზარდიაშვილზე

11 ნოე 201917:25
3 წუთის საკითხავი
 
cc208mos5rk0n4h.png

ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირემაშვილმა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების თემაზე მინიშნება დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მისამართით გააკეთა. ის აცხადებს, რომ კადრები ნახა, თუმცა არ გაუვრცელებია, ნამდვილი დამნაშავე კი სხვაა. დღეს საქალაქო სასამართლოში კადრების გავრცელების საქმეზე ბრალდებული მოქალაქეების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

ამ მინიშნებაზე კომენტარები უკვე გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოში. დანაშაულის ერთ-ერთი მსხვერპლი დეპუტატი ეკა ბესელია კი ამბობს, რომ კონკრეტულად ხელს ვერავის დაადებს. ეს გამოძიების და სასამართლოს პრეროგატივაა. თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ ზარდიაშვილი მის პირად სიაშია, ვისაც ბესელიას რეპუტაციის შელახვა სურდა.

"საეჭვო პირთა ჩამონათვალში მე არ გამოვრიცხე მათ შორის ეს ადამიანი. ჩემს არც თუ მცირე სიაში, მათ შორის მასაც მოვიაზრებდი. ვაკვირდები გამოძიების პროცესს და არ ვაპირებ რომ საქმე ჩემი მხედველობიდან მოიხსნას. ბოლომდე გავყვები და აუცილებლად გავარკვევ ვისი დავალებით და ვინ განახორციელა ეს დანაშაული,"- განმარტავს ეკა ბესელია. 

რაც შეეხება ხელისუფლების სხვა ოპონენტებს, საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ სიმართლის დადგენის და რეალური დამნაშავის გამოვლენის პოლიტიკური ნება დღეს არ არსებობს.

"ამ გამოძიების შედეგები აპრიორი არ მიდის იმ ჯგუფებამდე და ადამიანებამდე, ვინც იყო პირველწყარო და ეხება შემდეგ იმ პირებს, რომლებიც შემდგომ ამას ავრცელებდნენ, არა პირველი ხელიდან. ესაა პრობლემა," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია არასწორ განცხადებებს აკეთებს.

"ათას სისულელეს იძახიან საჯაროდ, მაგრამ ყოველი ასეთი განცხადება არ არის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველი ან გამოძიების. შესაბამისად კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ეს თემა და ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს შანტაჟი და ზეწოლა ადამიანებზე,"- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 


close დახურვა