საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს რიგებს ორი გოგონა შეემატა.
ნინო მიქაძე და ლელა გიორგაძე 2019 წლის საზღვაო სეზონზე ფოთსა და თბილისში მაშველებად მუშაობდნენ. სეზონური სამსახურის დასრულების შემდეგ კი გოგონებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დარჩენა გადაწყვიტეს. მათ ფიზიკური მომზადების ნორმატივები უკვე ჩააბარეს და ახლა სპეციალურ სწავლებას გაივლიან.
"მომეცა შესაძლებლობა და საშუალება, რომ ამჟამად ვიმუშაო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ყველას და მაქვს იმედი, რომ მივაღწევ დიდ წარმატებას," - აცხადებს ნინო მიქაძე.
მაშველ ლელა გიორგაძეს იმედი აქვს, რომ ტრენინგებს და გადამზადებას წარმატებით გაივლის.
"წელს პირველად ვიყავი თბილისის ზღვაზე სეზონური მაშველი, სურვილი გამიჩნდა დავრჩენილიყავი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, გავივლი ტრენინგებს, გადამზადებას და იმედი მაქვს რომ წარმატებით გავართმევ თავს," - განაცხადა ლელა გიორგაძემ.
ქალი მაშველები საქართველოს საზღვაო კურორტებზე წელს პირველად გამოჩნდნენ და თავიც არაერთხელ გამოიჩინეს.