საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს, რომ ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის აპრილში ორი რეისი შესრულდა, თუმცა უარყოფს სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რეგულარული გადაზიდვების დაწყებასთან დაკავშირებით.
სააგენტოში განმარტავენ, რომ აპრილში ორი კომერციული რეისი პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა შეასრულა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გემის მფლობელი კომპანია არ არის სანქცირებული და კვლავ გეგმავს კომერციული რეისების შესრულებას.
"სომხეთის ცალკეული მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის მიმდინარე წლის აპრილიდან რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ, ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება ცნობას კონკრეტული გადაზიდვების შესახებ, აპრილში, პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა “Haci Musa Ucak“- (IMO 9128544), ნამდვილად შეასრულა ორი კომერციული რეისი ნოვოროსისკსა და ბათუმს შორის. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს არ არის რეგულარული რეისი, და სრულად არის კომერციული ხასიათის, რომელიც სისტემატურად ხორციელდება. აღნიშნული გემის მფლობელი კომპანია, რომელიც არ იძებნება სანქცირებულთა სიაში, კვლავ გეგმავს კომერციული რეისების შესრულებას. რაც შეეხება ტვირთს, ის სრულად ტრანზიტულია და განკუთვნილია სომხეთის რესპუბლიკისთვის.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შეაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება", - აღნიშნულია განცხადებაში.
Armenpress-ის ინფორმაციით, C&M INTERNATIONAL-მა, ტვირთების გადაზიდვა საზღვაო გზით ნოვოროსიისკი-ბათუმის, ბათუმი-ნოვოროსიისკის მიმართულებით აპრილიდან დაიწყო. ტვირთის გადაზიდვა სომხეთის მთავრობის სუბსიდიით ხორციელდება.
C&M INTERNATIONAL-ის დირექტორმა დავით ილოიანმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით უკვე ტვირთის გადაზიდვა ორჯერ განხორციელდა.