სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ კირნათის დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას", - წერია სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში.