logo
ENG



საია-ს თავმჯდომარე: 1-ლი ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას, ოპოზიცია კი პარლამენტში შევიდეს

28 მარ 202121:23
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/28/2hu10cx9qgtdu69.png

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი ევროპელ დიპლომატთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა ამ დღეების განმავლობაში ისაუბრონ და პოზიციები დაახლოვონ.

"ეს შეხვედრა ეძღვნებოდა იმას, რომ აუცილებელია, პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიონ გარკვეულ კომპრომისებს და ამ კომპრომისებს უნდა მოჰყვეს შედეგად უკვე კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები... შეხვედრაზე იყო საუბარი გარკვეულ კომპრომისებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ კომპრომისების გარეშე ვერ შედგება კონსენსუსი და ვერ მიიღწევა ის შეთანხმება, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება ამ კრიზისიდან გამოსასვლელად", - თქვა სიმონიშვილმა.

მისივე განცხადებით, პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს და პირველი ნაბიჯი გადადგას, რათა რეფორმები განხორციელდეს, ამის შემდეგ კი ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს.

"პროცედურულად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რეფორმები განხორციელდეს, ძირეულ რეფორმებზეა საუბარი, ოპოზიცია კი უნდა შევიდეს პარლამენტში იმისთვის, რომ ეს რეფორმები გატარდეს, იმიტომ, რომ სამართლებრივადაც კი შეუძლებელია, ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ამ რეფორმების განხორციელება. პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას და ეს ვალდებულება უნდა აიღოს თავის თავზე და შემდეგ ოპოზიციამ პარლამენტში შესვლით მონაწილეობა უნდა მიიღოს ამ პროცესებში", - განაცხადა სიმონიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს მედიაციის პროცესთან დაკავშირებით მიმართავენ და სთავაზობენ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ხედვას, რომელიც შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ 6-პუნქტიან დოკუმენტს ეყრდნობა. 

  • რა გზებს სთავაზობენ NGO-ები ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ნახეთ აქ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდადანიელსონი ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მედიაციის მიზნით შეხვედრებს 29 მარტიდან განაახლებს. 

ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოდის. მისი თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონს საქართველოდან გაფრენა 14 მარტს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა პროცესში მიღწეული არასაკმარისი პროგრესის გამო ევროპელმა დიპლომატმა ვიზიტი რამდენიმე დღით გაახანგრძლივა. 

ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა. 

ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს. 

  • რა პოზიციებით შედიან პარტიები განახლებულ მოლაპარაკებებში, ნახეთ აქ

ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ. 


close დახურვა