logo
ENG



საია: გამოიძიეთ ბერიძის საქმე, რომელიც თორნიკე რიჟვაძის ნათესავს ზეწოლაში ადანაშაულებს

19 აგვ 202019:07
3 წუთის საკითხავი
 
vm5xd2ttqugocgo.jpg

მოქალაქე თემურ ბერიძე მაღალი თანამდებობის პირებს მის მიმართ უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას შემდეგ დაემუქრნენ, რაც მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერი მოიგო - საუბარია ხულოს მუნიციპალიტეტში გარე განათების ბოძების დამონტაჟებაზე.

ბერიძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. სწორედ საია ავრცელებს განცხადებას და გამოძიების გაჭიანურებაზე მიუთითებს.

თემურ ბერიძის თქმით, ტენდერის მოგების შემდეგ, მას დაუკავშირდა ხულოს საკრებულოს დეპუტატი, მინდია რიჟვაძე, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ნათესავია. ბერიძე ამბობს, რომ მინდია რიჟვაძემ მოგებულ ტენდერზე უარის თქმა მოსთხოვა, ვინაიდან ტენდერის პირობები მის კომპანიაზე იყო მორგებული და ტენდერი მას უნდა მოეგო.

თემურ ბერიძის თქმით, უარის მიღების შემდეგ, მინდია რიჟვაძე დაუკავშირდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, ასევე, დავით რიჟვაძეს, რომელიც თორნიკე რიჟვაძის მამაა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიცია უკავია. მინდია რიჟვაძემ მათ თემურ ბერიძეზე ზეწოლის მოხდენაში დახმარება სთხოვა, რათა მას მოგებულ ტენდერზე უარი ეთქვა.

როგორც საის განცხადებაში წერია, ამის შემდეგ, თემურ ბერიძეს შეხვდა თორნიკე რიჟვაძის ახლობელი, ჯამბულ აბულაძე, რომელმაც ასევე მოსთხოვა მოგებული ტენდერის დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა, რომ საქმე გაუფუჭდებოდა "ზევით". ჯამბულ აბულაძესთან საუბრის დასრულებიდან რამდენიმე საათში, ხულოს მერიის წინ არსებულ სკვერში, თემურ ბერიძეს თავს დაესხა მინდია რიჟვაძე, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, თემურ ბერიძეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები.

"უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს, ცალკე წარმოებად გამოეყო ძალადობის ეპიზოდი, რომელზეც ბრალდებულად ცნეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, მინდია რიჟვაძე. სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაწყებული გამოძიება კი დღემდე უშედეგოდ მიმდინარეობს. თემურ ბერიძემ საგამოძიებო ორგანოს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებიც მისგან მოგებული ტენდერის დათმობას მოითხოვდნენ. აღნიშნულს ასევე ადასტურებენ მოწმეები", - წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თემურ ბერიძის უფლებადამცველი ორგანიზაცია "საია" მიიჩნევს, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მიმდინარე გამოძიება უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რაც აჩენს ეჭვებს, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს თანამდებობის პირებისათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

საია მოუწოდებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას, დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება თანამდებობის პირების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიზნით.


close დახურვა