logo
ENG



საია: ეკლესიისთვის სახელმწიფო ტყის საკუთრებაში გადაცემა დისკრიმინაციულია

08 ივნ 202015:45
3 წუთის საკითხავი
 
kflw61blpss2dz1.jpg

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ტყის კოდექსის მიღება, საქართველოს ტყის კოდექსით დადგენილ მიზანსა და ტყის მართვის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეება. განცხადებაში აღნიშნულია,  რომ კოდექსი ვერ უზრუნველყოფს ტყის რესურსის რაციონალურ გამოყენებასა და საზოგადოების ინტერესების დაცვას თანაბარ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ტყის გადაცემასთან დაკავშირებით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევა ეწინააღმდეგება საქართველოს ტყის კოდექსით დადგენილ მიზანსა და ტყის მართვის ძირითად პრინციპებს, რადგან ვერ უზრუნველყოფს, ერთის მხრივ, ტყის რესურსის რაციონალურ გამოყენებასა და, მეორეს მხრივ, საზოგადოების, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვას ტყის თანაბარ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ტყის გადაცემა ხდება არა საერთო საზოგადოებრივი, არამედ კონკრეტული რელიგიური გაერთიანების კერძო ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, აზრს უკარგავს ამავე კოდექსით სახელმწიფო ტყის ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივ რესურსად აღიარებას.“,-ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მიღებული ტყის კოდექსი დისკრიმინაციული ხასიათისაა, ვინაიდან მართმადიდებელ ეკლესიებთან შედარებით კანონი სხვა რელიგიურ გაერთიანებებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.

„გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ტყის გადაცემის შესაძლებლობა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დისკრიმინაციული ხასიათისაა სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ, რადგან მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დამატებითი ფინანსური და ქონებრივი გარანტიების მინიჭება სხვა რელიგიურ გაერთიანებებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს“,-წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წის 22 მაისს, საქართველოს პარლამენტმა ტყის კოდექსი დაამტკიცა. კოდექსი, საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობის, საპატრიარქოს საკუთრებაში შესაძლო გადაცემას ითვალისწინებს.

 


close დახურვა