logo
ENG



საია: ნდობას ამცირებს ლექსო ლაშქარავას საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა

08 იან 202211:44
3 წუთის საკითხავი
 
საია: ნდობას ამცირებს ლექსო ლაშქარავას საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა

​საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამხარაულის ბიუროს დასკვნას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი მიღებული დაზიანებები არ არის. 

საია აცხადებს, რომ დასკვნისადმი ნდობას ამცირებს როგორც ლექსო ლაშქარავას საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვაზე უარის თქმა, ასევე ექსპერტიზის დასკვნის  არაპროპორციული მოცულობით გავრცელება - ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა, რომლის მომზადებაც 2021 წლის 30 დეკემბერს დასრულდა და 37 გვერდისგან შედგება, 2022 წლის 7 იანვარს ნაწილობრივ გამოაქვეყნა. 

დასკვნის გამოქვეყნებას წინ უძღოდა UNESCO-ს მიერ  ლექსო ლაშქარავას შეყვანა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში. 

საია ხაზს უსვამს, რომ დასკვნის შესახებ საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუწოდებია არც ოჯახისთვის და არც ადვოკატისათვის.

"ექსპერტიზის დასკვნიდან გავრცელებული ამონარიდის თანახმად, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი გახდა ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაცია. მასში ასევე მითითებულია, რომ ჯანმრთელობის დაზიანებები, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მის სტაციონარში მოთავსების თარიღს - 2021 წლის 5 ივლისს, ასევე მითითებულია, რომ აღნიშნული დაზიანებები არ არის მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან. იმ პირობებში, როდესაც სრულ დასკვნაზე ამ დრომდე საია-ს ადვოკატს ხელი არ მიუწვდება, შეუძლებელია იმის შეფასება, რამდენად სწორად და რის საფუძველზე გამოირიცხა მიზეზობრივი კავშირი დაზიანებებსა და ლექსოს გარდაცვალებას შორის. 

ამასთან, საექსპერტო დასკვნასთან მიმართებით ოჯახის ნდობას ამცირებს ის ფაქტი, რომ საჯარო შეთავაზების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოიწვია ოჯახის მიერ დასახელებული ქვეყნებიდან საერთაშორისო ექსპერტები პროცესში ჩასართავად.

კერძოდ, თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ შესთავაზა გარდაცვლილის ოჯახს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც ოჯახის პოზიცია საია-ს ადვოკატმა წერილობითი ფორმით არაერთხელ დააფიქსირა. განცხადებაში აღნიშნული იყო, თუ რომელი ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტების ჩართულობა იყო მისაღები ოჯახისთვის, თუმცა, გამოძიებამ, დაპირების მიუხედავად, არ გაითვალისწინა წარდგენილი შეთავაზება, რის მიზეზადაც კონკრეტულ ქვეყნებთან საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილების არარსებობა დასახელდა (ოჯახის სურვილი იყო პროცესში ექსპერტის ჩართვა ბრიტანეთიდან, აშშ-დან ან იაპონიიდან).

საია მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა, ასევე, დღეს არაპროპორციული მოცულობით ექსპერტიზის დასკვნის გავრცელება, ამცირებს გამოძიების პროცესის მიმართ ნდობას". - აცხადებს საქართველოს იურისტთა ასოციაცია

ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმასაც, რომ ლექსო ლაშქარავას საქმეზე პერსონალური მონაცემების დარღვევით ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფო ინსპექტორმა. 

2021 წლის 24 სექტემბერს სახელმწიფო ინსპექტორის გამოქვეყნებული დასკვნით დადგენილია, რომ ლექსო ლაშქარავას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვიდეო-ჩანაწერების გავრცელებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი და ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით.

ინსპექტორისვე შეფაებით, შსს-მ სამედიცინო დაწესებულებიდან ბრიფინგზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი აუდიოჩანაწერი მტკიცებულებათა მოპოვების და დამაგრების წესების დარღვევით მოიპოვა.

ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნით, ლექსოს შესახებ, ინტერნეტ სივრცეში არსებული მასალა შსს-ს საინფორმაციო ბაზაში (info.pol.ge) აღრიცხული ინფორმაციის იდენტური აღმოჩნდა, რის შემდეგაც საბოლოოდ დადგინდა, ლექსოს პერსონალური მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უკანონოდ დამუშავების ფაქტი.

საია აცხადებს, რომ ლექსო ლაშქარავას ოჯახთან შეთანხმებით, გააგრძელებს მიმდინარე გამოძიებების პროცესში ოჯახის უფლებების დაცვას. საია-ს ადვოკატი მიმართავს საგამოძიებო უწყებას ექსპერტიზის დასკვნის გადმოცემის თაობაზე, ხოლო დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას სწორედ აღნიშნული დოკუმენტის სრულყოფილად გაცნობის შედეგად გააცნობს.

 


close დახურვა