საიას შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მძიმე და მანიპულაციური დარღვევა, რომელიც გამოიყენეს როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და სამაგალითო დასჯის ინსტრუმენტი.
საიას თქმით, სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიება და გამოიყენა გაძევება ექსტრადიციის აკრძალვის ფორმალური გვერდის ავლისთვის.
"აფგან სადიგოვის დაკავებასა და ქვეყნიდან გაძევებასთან დაკავშირებული გარემოებები 2026 წლის 4 აპრილის ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოხდა 2026 წლის 1 აპრილს გამოქვეყნებული Facebook პოსტის გამო.
პოსტის შინაარსი შემდეგნაირია: [იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ.] 1 2026 წლის 5 აპრილს, კვირას, გამთენიისას, დილის დაახლოებით 03:00-04:00 საათზე ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.
2 სასამართლომ მას შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა, საქართველოდან გაძევება თავის წარმოშობის ქვეყანაში (აზერბაიჯანში) და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
3 აღსანიშნავია, რომ აფგან სადიგოვის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა აზერბაიჯანში მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დაიწყო, რის საფუძველზეც აზერბაიჯანული მხარე წლების განმავლობაში ითხოვდა მის ექსტრადიციას. აფგან სადიგოვი არის ჟურნალისტი და მისი აზერბაიჯანში დაბრუნების შემთხვევაში, არსებობს წამების, არაადამიანური მოპყრობისა და პოლიტიკური დევნის რეალური და გარდაუვალი საფრთხე. სწორედ ამას ადასტურებს ის, რომ 2025 წლის 28 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დროებითი ღონისძიების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა, სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში.
4 ჟურნალისტის უფლებებს საქართველოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს. გავრცელებული ინფორმაციით, 2026 წლის 1 აპრილს აზერბაიჯანის პროკურატურამ სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და ამის შესახებ საქართველოს აცნობა. 2 აპრილს ეს ინფორმაცია აფგან სადიგოვმა შეიტყო. 3 აპრილს სასამართლომ გააუქმა მის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა. 4 აპრილს, საღამოს, სადიგოვი დააკავეს და 5 აპრილს, გამთენიისას, გამართულ სასამართლო პროცესზე გადაწყდა მისი აზერბაიჯანში გაძევება.
5 2. აფგან სადიგოვის საქმეში საქართველოს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედებები არის საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის დარღვევა: 2.1. დროებითი ღონისძიების უგულებელყოფა და ხელშეშლა ინდივიდუალური საჩივრის უფლების განხორციელებაში ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის თანახმად, დროებითი ღონისძიება არის გადაუდებელი მექანიზმი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მომჩივანი დგას კონვენციური უფლებისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების ისეთი გარდაუვალი რისკის წინაშე, რომელიც, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, არ ექვემდებარება რეპარაციას, აღდგენას ან ადეკვატურ კომპენსაციას. პრაქტიკაში, დროებითი ღონისძიება გამოიყენება იშვიათად ხდება და ძირითადად ეხება გაძევებას და ექსტრადიციას, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, დროებითი ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც არსებობს რისკი, რომ სახელმწიფოში, რომლისთვისაც პირის გადაცემა მოხდება, დაირღვევა მომჩივნის სიცოცხლის უფლება ან/და იქ მომჩივანი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობას.
6 ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა, არ ნიშნავს, რომ მას აღარ ემუქრება საფრთხე აზერბაიჯანში. სადიგოვი კვლავ რჩებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნილ ჟურნალისტად აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან და კვლავ არსებობდა ის რისკი, რის გამოც დროებითი ღონისძიება შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც, ეროვნულ სასამართლოს ეკისრებოდა ვალდებულება, შეეფასებინა აზერბაიჯანში სადიგოვისთვის მიმართ არსებული რისკები, ნაცვლად ამისა, აზერბაიჯანის პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ფაქტი, სახელმწიფომ გამოიყენა სტრასბურგის სასამართლოს აკრძალვის გვერდის ავლისთვის და აღნიშნული მიიჩნია შესაბამის საფუძვლად, რათა მომხდარიყო სადიგოვის გაძევება აზერბაიჯანში.
7 გაძევების, როგორც სამართლებრივი მექანიზმის, გამოყენება არის მანიპულაცია, რათა სახელმწიფომ თავი აარიოდოს ევროპული კონვენციით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და შექმნას „კანონიერების ილუზია“. ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები არ უნდა იქცეს ილუზორულად.
8 ყოველივე ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევება იქ, სადაც თავად ღონისძიების გამოცემის ფაქტი მიუთითებდა „გამოუსწორებელი ზიანის მიყენების გარდაუვალ რისკზე“, ვერ გამართლდება. ამასთან, კონვენციის 34-ე მუხლით (ინდივიდუალური საჩივრის უფლება), ხელშემკვრელი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან ან უმოქმედობისგან, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს განმცხადებლის საჩივრის უფლების ეფექტიანად განხორციელებას. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ დროებითი ღონისძიებების შეუსრულებლობა უნდა ჩაითვალოს სასამართლოსთვის განმცხადებლის საჩივრის ეფექტიანად განხილვისა და მისი უფლების ეფექტიანად განხორციელების ხელშეშლად და, შესაბამისად, 34-ე მუხლის დარღვევად.
9 შესაბამისად, სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება, ასევე შეიძლება იწვევდეს კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიების მიზანია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებებისა და ინტერესების შენარჩუნება და დაცვა.
10 როგორც საჯარო წყაროებიდან ვიგებთ, ეს ასე იყო მითითებული სადიგოვის მიმართ გამოცემულ დროებით ღონისძიებაშიც (სოციალური სამართლიანობის ცენტრი: [...] ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, აფგან სადიგოვის საქმეზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, დროებითი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა, სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში. [...]“).
11 ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩაანაცვლოს სტრასბურგის სასამართლოს შეფასება საკუთარით.
12 სადიგოვის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ ეს გააკეთა: მან დამოუკიდებლად გადაწყვიტა, ვინაიდან აზერბაიჯანმა ექსტრადიციის მოთხოვნა გააუქმა, „საფრთხეც გაქრა“. თუმცა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სანამ ევროპული სასამართლო არ დარწმუნდება საფრთხის არ არსებობაში, სახელმწიფო ვალდებულია დაემორჩილოს 39-ე წესით მიღებულ გადაწყვეტილებას. ახალი გარემოების შემთხვევაში (ამ საქმეში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა და ექსტრადიციის საფუძვლის გაუქმება), სახელმწიფოს ეს მასალები სტრასბურგის სასამართლოსთვის უნდა წარედგინა და დაეცადა შესაბამისი უკუკავშირისთვის.
13 შესაბამისად, სადიგოვის გაძევება ევროპული სასამართლოს ინფორმირების გარეშე არის ამ პროცედურული ვალდებულების დარღვევაც. 2.2. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების საფუძვლით სადიგოვის დაკავების უკანონობა საქართველოს კონსტიტუციითა 14 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით 15 დაცული და გარანტირებულია პირის აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. პირს უფლება აქვს გამოხატოს თავისი პოზიცია და გააკრიტიკოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ქმედება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტში სადიგოვი ზოგად კონტექსტში აკრიტიკებდა პოლიციის როლს დიქტატურის პირობებში [იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ.]
16 აღნიშნული პოლიტიკური დისკურსის ნაწილია, შესაბამისად, ვერ ჩაითვლება პირის დაკავების კანონიერ საფუძვლად. კერძოდ: ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ თავიანთი საჯარო ფუნქციიდან გამომდინარე, პოლიციელები, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენლები, უნდა ფლობდნენ თმენის გაცილებით მაღალ ვალდებულებას კრიტიკის მიმართ, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქეები.
17 სადიგოვის პოსტი მიმართული იყო არა კონკრეტული პიროვნების, არამედ ინსტიტუციური კრიტიკისკენ. ევროპული სასამართლოს თანახმად, დემოკრატიულ საზოგადოებაში ტოლერანტობა უნდა იქნეს გამოვლენილი იმ პირების მიმართ, რომლებიც გამოთქვამენ კრიტიკულ მოსაზრებებს, თუნდაც ეს მოსაზრებები, გამოხატული იყოს ემოციური ფორმით.
18 სტრასბურგის სასამართლოს, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული, რომ თუ ადამიანის ქმედება (ამ შემთხვევაში, მისი გამოხატვა Facebook პოსტის საშუალებით) არც ძალადობრივია, არც მიზნად ისახავს ძალადობას, არც აქვს რესურსი, გადაიზარდოს მოვლენათა ესკალაციაში, ამ პირის წინააღმდეგ დაკავების ინიციირება უკანონოა.
19 ხაზგასასმელია, სადიგოვის მიმართ სანქციის არაპროპორციულობა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო პირის დაკავება, დაჯარიმება, საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით და მისი ქვეყნიდან გაძევება, როდესაც ცნობილია, რომ მას წარმოშობის ქვეყანაში შეუქცევადი ზიანი ემუქრება, შეიძლება იწვევდეს ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევასაც. ამ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლი გამოყენებულ იქნა, როგორც ფორმალური საფუძველი, პოლიტიკური დევნის „კანონიერების“ საფარველის შექმნისათვის. 2.3. სამართლიანი სასამართლოს უფლების მიზანმიმართული უგულვებელყოფა აფგან სადიგოვის საქმის განხილვა კვირა დღეს, გამთენიისას (03:00-04:00 საათზე), წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების არსებით დარღვევას. უპირველესად, ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს.20 შესაბამისად, 24 საათიანი დროითი ჩარჩო (რომელიც შეიძლება დამატებითი 24 საათით გახანგრძლივდეს) წარმოადგენს ზღვარს და არა განხილვის დროის თვითნებურად შერჩევის შესაძლებლობას სხვა პროცედურული გარანტიების არსებითი დარღვევის საპირწონედ. სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ვადის განსაზღვრისას არსებითად მნიშვნელოვანია დაცვის უფლების ეფექტიანი რეალიზების საკითხისთვის ცენტრალური როლის მინიჭება. აფგან სადიგოვის საქმეში სამართალდამცავი უწყებისა და სასამართლოს მოქმედებათა თანხვედრა მართლმსაჯულების სისტემას წარმოაჩენდა როგორც რეპრესიულ სადამსჯელო მექანიზმს. კვირა დღეს, გამთენიის 3-4 საათზე, ფორსირებულ რეჟიმში, საქმის განხილვის ობიექტური საჭიროება არ არსებობდა. ამასთან, სასამართლოს მიერ სადიგოვთან დაკავშირებული უფლებრივი კონტექსტის სრული უგულვებელყოფა აღნიშნული პროცესის პოლიტიკურად მოტივირებულობაზე მიუთითებს.
2.4 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოება, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი მას შემდეგ, რაც 2024 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოში დაიწყო უწყვეტი საპროტესტო ტალღა, „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი რეპრესიული კანონი მიიღო კრიტიკული აზრისა და სამოქალაქო აქტივობის ჩასახშობად. 21ამ საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანი იყო სახელმწიფო ინსტიტუტების აღჭურვა ისეთი ბერკეტებით, რომლებიც მინიმალური საპროცესო გარანტიების პირობებში შესაძლებელს გახდიდა ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრის მქონე პირების, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა სამაგალითო დასჯასა და ქვეყნიდან გაძევებას. აღნიშნული ტენდენციის ერთ-ერთი მაგალითია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედებული ცვლილებები. კანონმდებელმა ისეთ მუხლებზე, როგორიცაა 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა), რომლებიც ტრადიციულად აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენება, დაამატა ახალი სახდელები: უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3-დან 5 წლამდე ვადით. სწორედ ამ ცვლილებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევაც კი შეიძლება გახდეს ისეთი ფორმალური საფუძველი, რომლითაც თუნდაც გარდაუვალი საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანი, მსგავსად აფგან სადიგოვისა, ქვეყნიდან გააძევონ სწორედ იქ, სადაც ამგვარი საფრთხე ემუქრება. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლე ვალდებულია ასეთ დროს იხელმძღვანელოს უფრო სპეციალური ან/და იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი ნორმატიული ვალდებულებებით, და, ასეთი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, არ დაუშვას პირის გაძევება", - ნათქვამია განცხადებაში.
