logo
ENG



საია: საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ პირის პერსონალური მონაცემები უკანონოდ გაამჟღავნა

26 მარ 202016:25
3 წუთის საკითხავი
 
976yag3fz934zjc.png

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც პირის პერსონალური მონაცემები უკანონოდ გაამჟღავნა.

„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„იუსტიციის სამინისტრომ 2020 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის წარდგენისას, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საჯაროდ აჩვენა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის საკანში სახალხო დამცველის მონიტორთან შეხვედრისას გადაღებული ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელიც შემდგომ დაიდო სპეციალური პენიტენციური სამსახურის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც.

გავრცელებული ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ჩაწერა განხორციელდა 2019 წლის 19 აპრილს, ხოლო მისი გავრცელება მოხდა 2020 წლის 21 იანვარს. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის სხდომის ტრანსლირება ხდებოდა პარლამენტის ვებ-გვერდის, მედიისა და სოციალური მედიის საშუალებებით.

აღნიშნული ფაქტის შესწავლისა და შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით 2020 წლის 22 იანვარს საიამ მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. საქმეზე ჩატარებული წარმოების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე და სოციალური ქსელის გვერდზე გასაჯაროების გზით, ხოლო სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალური ქსელის გვერდზე გასაჯაროების, ასევე, სამაუწყებლო კომპანიებისა და საინფორმაციო სააგენტოებისთვის გადაცემის გზით, ვიდეოჩანაწერებზე ასახულ პირთა პერსონალური მონაცემები დაამუშავეს კანონით გათვალისწინებული განსაზღვრული საფუძვლის გარეშე. ამდენად, ხსენებული ადმინისტრაციული ორგანოები სამართალდამრღვევებად იქნნენ ცნობილი და დაეკისრათ მათ ადმინისტრაციული სახდელი. ასევე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სამინისტროს დაევალათ, სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდებსა და ოფიციალურ ვებგვერდზე პერსონალური მონაცემების შემცველი იმ ვიდეოჩანაწერების წაშლა ან დეპერსონალიზაცია, რომელიც მიჩნეულ იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით დამუშავებულად“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა