"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ საია 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ინტერესების დაცვას განაგრძობს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საია-ს წარმოებაში არსებული საქმეების მაგალითზე, გამოიკვეთა სტიქიის დაწყებამდე, უშუალოდ სტიქიის დროს და მის შემდგომ, სახელმწიფო უწყებების მუშაობის ხარვეზები და დადგინდა, რომ სახელმწიფო უწყებების მოქმედებები არადროული და არაეფექტიანი იყო.
„სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა, რომ სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ ყველა საჭირო წინაპირობა საიმისოდ, რომ ევარაუდათ სტიქია და შესაძლებლობის ფარგლებში განეხორციელებინათ პრევენციული ღონისძიებები. სასამართლოს განმარტებით, პრევენციულ ღონისძიებებს, მათ შორის მოსახლეობის ინფორმირებულობას, შესაძლებელია ვერ მოეხდინა სტიქიური უბედურების თავიდან აცილება, თუმცა ცალსახად შეამცირებდა დამდგარ ზიანს. სააპელაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არ მოხდა მოქალაქის მიერ მიწოდებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის ადექვატურად აღქმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა სტიქიის ზონის განსაზღვრა, ვითარების სწორად გაანალიზება/აღქმა, რასაც ლოგიკურად მოჰყვებოდა სტიქიის ზონამდე მისასვლელი გზების გადაკეტვა, თუმცა, უდავო და სამწუხარო ფაქტია, რომ გზები არ გადაკეტილა. სწორედ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ნაკლები კვალიფიკაციის, ნაკლები ორგანიზებულობისა და ეფექტიანობის, არაკოორდინირებული მოქმედებების შედეგად, სათანადოდ ვერ განახორციელეს მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციები და პრიორიტეტების განსაზღვრა, რამაც გამოიწვია კონკრეტული პირის გარდაცვალება",-აღნიშნულია განცხადებაში.