logo
ENG



საია მერიას: შეაჩერეთ აფრიკის დასახლებაში დემონტაჟი და გაატარეთ მხარდაჭერის პოლიტიკა

15 დეკ 202015:07
3 წუთის საკითხავი
 

საია ეხმაურება 15 დეკემბერს, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში ნებართვის გარეშე აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროცესს და მოუწოდებს თბილისის მერიას შეწყვიტოს დემონტაჟი, ამასთანავე უზრუნველყოს და გაატაროს უსახლკარო პირთა მიმართ მხარდაჭერის პოლიტიკა.

საია-ში მიაჩნიათ, რომ მერიის მხრიდან ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მიუღებელია მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძვინვარებს COVID-19-ის პანდემია.

"გლობალური COVID-19 პანდემიის მიერ შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი დამატებითი გამოწვევაა უსახლკარო ადამიანებისთვის. თბილისის მერიის აღნიშნული გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ ქალაქის მთავრობას არ გააჩნია მგრძნობელობა ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფის მიმართ. ნაცვლად ჰუმანური პოლიტიკის გატარებისა, მერია ამგვარ ნაგებობებში მცხოვრებ პირებს ტოვებს ღია ცის ქვეშ, რაც განსაკუთრებული პრობლემების წინაშე აყენებს მათ. უსახლკარო ადამიანებში ვირუსის გამწვავების ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი უსაფრთხო და სათანადო საცხოვრებლის არარსებობაა. COVID-19 – ის სწრაფი გავრცელების განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგანან დგანან მიუსაფარი ადამიანები. ქუჩაში ღია ცის ქვეშ ადამიანების დატოვება ზღუდავს მათ წვდომას ჰიგიენისა და სანიტარული საშუალებების, შესაბამისი ჯანდაცვის სერვისებზე", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

საია-ში აცხადებენ, რომ მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო პრობლემურს ხდის არსებულ რეალობას და ნაცვლად სახელმწიფოს მხარდაჭერისა, ამ ადამიანების წინააღმდეგ იყენებს რეპრესიულ პოლიტიკას.

საია მერიასთან ერთად მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ COVID-19-ის პანდემიის დროს, შეაჩეროს უსახლკარობის პირას მყოფი ადამიანების უძრავი ქონების აღსრულება, მათ შორის შეაჩეროს ნებართვის გარეშე გაცემული ნაგებობების დემონტაჟი.

დედაქალაქის მერიამ დღეს, 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც უსახლკაროდ რჩება აქციას მართავს და დახმარებას ითხოვს. ადგილზე სამართალდამცველები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.

"ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი", - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რა ალტერნატივა აქვს მერიას იმ ადამიანებისთვის, ვისაც სახლი არ აქვს. როგორც მან განაცხადა, ვისაც გარკვეული პრობლემა აქვს, ან სახლი დაენგრა, გამგეობები გამოყოფენ თანხებს და მათ დაეხმარებიან.


close დახურვა