"აგვისტოს ომმა უმძიმესი შედეგები მოუტანა საქართველოს, რომელიც რუსეთის აგრესიის და მცოცავი ოკუპაციის შედეგად დღემდე გრძელდება", - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს ყველა შესაძლო მექანიზმი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დასრულების და ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფლებების ხელყოფის შესაჩერებლად.
"ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ამწვავებს ის ფაქტიც, რომ დღემდე აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში მომხდარ დანაშაულებზე არ ჩატარებულა ეფექტიანი გამოძიება და არ დამდგარა შესაბამის პირთა პასუხისმგებლობა ეროვნულ დონეზე. სიტუაციის სიმძიმეს ხელს უწყობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობა და სისუსტე ისევე როგორც კონფლიქტის ტრანსფორმაციის და კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების და კეთილდღეობის დაცვის კუთხით საქართველოს არაეფექტიანი პოლიტიკა.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარი ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ შესაძლო დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიების გონივრულ ვადაში დასრულება და დაკავების ორდერების გამოცემა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც ყველაზე მეტად არიან პასუხისმგებელი ჩადენილ დანაშაულებში.
ასევე მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევები, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ამ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების დროულ წარმოებას, რომელიც ომის დროს მომხდარ დანაშაულებს 2016 წლიდან იძიებს. ეფექტიანმა გამოძიებამ შესაძლოა პრევენციული ეფექტი იქონიოს მიმდინარე დარღვევებზე. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გააგრძელონ აქტიური მუშაობა არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.