კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში 400-ს ასცდა, შიდა გავრცელების ფართო მასშტაბი უახლოეს ორ კვირაშია მოსალოდნელი. ევექსის კლინიკური დირექტორის თქმით, საქართველოში პროფესიული რესურსის დეფიციტი შეიქმნება, თუ ინფიცირებულების რიცხვი 2 000-ს გადააჭარბებს.
მედიკოსებმა კი ამ დრომდე არ იციან როგორია სახელმწიფოს გეგმა ჯანდაცვის კოლაფსისგან გადასარჩენად.
მთავრობის პოლიტიკაში ხარვეზებს ხედავს „ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ვახტანგ კალოიანის თქმით, მთავრობას ეპიდემიის მართვის გრძელვადიანი გეგმა არ აქვს. დაბალია ექიმების გადამზადების ხარისხი. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კოვიდ ვირუსის მართვაში არაჩართული კლინიკების უსაფრთხოება.
ექიმი ფიქრობს, რომ მთავრობა ციფრებით მანიპულირებს. ის ხელისუფლებას ექიმებთან კოორდინირებულ მუშაობას ურჩევს წინააღმდეგ შემთხვევაში კი დრამატულ სცენარს აანონსებს.
ექიმების განცხადებით, პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა რეგიონში. არსებობს შემთხვევები, როცა ექიმებმა ეკიპირების სწორად გამოყენება არ იციან, რასაც პრაქტიკის ნაკლებობას უკავშირდება. მსგავსი შეცდომები კი ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის. ექიმი მოუწოდებს მთავრობას სარეზერვო ჯგუფები მოამზადოს.
განსხვავებულად ფიქრობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. მისი პროგნოზით, ინფიცირებულების რიცხვი, 2000-ს არ გადააჭარბებს. ამის გარანტი კი ის შეზღუდვებია, რომელიც საგანგებო მდგომარეობით დაწესდა.
ჰოსპიტალურმა სექტორმა იცის, რომ ჯანდაცვის სისტემა ათასობით ინფიცირებულს ვერ გაუმკლავდება. იგივეს ფიქრობენ მთავრობაშიც. ექიმების შეფასებით, სწორედ ამ პესიმისტურ მოლოდინს უკავშირდება ის ამკრძალავი ზომები, რომელიც სახელმწიფომ კოვიდ-19-თან საბრძოლველად გამოიყენა.