logo
ENG



საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტში ცვლილებების ავტორებმა შეხვედრა გამართეს

29 მარ 202215:23
3 წუთის საკითხავი
 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის კაბინეტში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტში ცვლილებების ავტორებმა შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრები გაგა კახიანი და გურამ მაჭარაშვილი. 

არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა იყო კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები და განხილვის გადადების მიზეზები.

შეხვდრა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მისი დასრულების შემდეგ კი დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ კანონმდებლებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა გადაიდო.

ქართული ოცნება აღნიშნული კანონპროექტის განხილვას დაჩქარებული წესით გეგმავდა. შეხვედრის შემდეგ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა რატი იონათამიშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ ამ შეხვედრის მთავარი თემა სწორედ კანონპროექტი იყო.

"ნებისმიერი შეხვედრა კანონპროექტთან დაკავშირებით საჯაროა. ეს იცის ჩვენმა მოსახლეობამაც და ნებისმიერმა, რომელიც ამ საქმიანობაშია ჩართული, თითოეული ჩვენი შეკრება არ არის ყოველთვის შეხვედრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენ როგორც მეგობრები, ისეც ვიკრიბებით",  - ამბობს იონათამიშვილი.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ერთ სახელმწიფო ორგანოს მეორეს მიმართ დავის წამოწყება მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია, დაგეგმილი ცვლილებების პროექტით კი, გასაჩივრება შესაძლებელი ხდება მოქმედება/უმოქმედობის საფუძველზეც.

კანონპროექტი მმართველმა გუნდმა მას შემდეგ მოამზადა, რაც ქართული ოცნების წევრებმა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე დაიწყეს საუბარი.

 


close დახურვა