logo
ENG



საკრებულო უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს, სადაც ასევე არაა ნახსენები რუსეთი

27 იან 202218:50
3 წუთის საკითხავი
 
საკრებულო უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს, სადაც ასევე არაა ნახსენები რუსეთი

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა უკრაინის მხარდასაჭერი მიმართვა გაავრცელეს, თუმცა პარლამენტის რეზოლუციის მსგავსად, არც ამ დოკუმენტშია ნახსენები რუსეთი. 

მხარდასაჭერი მიმართვა დღეს, 27 იანვარს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გააჟღერა.

"ძვირფასო კოლეგებო, ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებს, გვსურს სრული მხარდაჭერა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი ქალაქის კიევის და ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ.

ჩვენ ერთგულები ვართ საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმების, მათ შორის, რა თქმა უნდა,  საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა. გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო, რაც ახალი საფრთხის რისკებს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

ვგმობთ ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული. აქვე ვაცხადებთ, რომ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. დღეს, უკრაინაში შესაძლო ომის არდაშვება უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს და ქალაქ კიევის რადას" - ნათქვამია თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

უწყების ცნობით, მიმართვას თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო კიევის საქალაქო საბჭოში უახლოეს დღეებში გააგზავნის.

მიმართვის შინაარსს საკრებულოს ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ ეთანხმება და მასზე ხელმოწერას არ აპირებს.

ქართული ოცნება და ოპოზიცია უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის შედგენაზე პარლამენტში 2 დღის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა განცხადების ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.

საუბარია უკრაინის მხარდასაჭერ პოლიტიკურ აქტზე, რომლის ერთობლივ შემუშავებასაც საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვდა, თუმცა მმართველმა გუნდმა მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა. ტექსტის საბოლოო ვარიანტში არსადაა ნახსენები რუსეთი და მისი აგრესია, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. 

სადავო იყო ტექსტის ფორმულირება რუსეთისა და NATO-ს შესახებ და ასევე ტექსტის სათაურიც. 

 


close დახურვა