logo
ENG



სალაძე: არჩევნები ცუდად მხოლოდ იმიტომ არ შეფასდა, რომ PVT და ცესკოს მონაცემები არ დაემთხვა

12 დეკ 202016:42
3 წუთის საკითხავი
clock 1127
2020/12/12/xbe4ngbzfyuu9dy.jpg

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე, სულხან სალაძე Facebook-ზე წერს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ჩატარებულ ყველაზე ცუდ არჩევნებად მხოლოდ იმიტომ არ შეფასდა, რომ ცესკოს მონაცემები პარალელური დათვლის შედეგებს არ ემთხვეოდა.

"ნეტავ, მართლა ISFED-ის გუშინდელი (ან პირველი) განცხადება იყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთადერთი და მთავარი პრობლემა.

ვინმე მართლა ფიქრობს, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები, მარტო იმიტომ შეფასდა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ჩატარებულ ყველაზე ცუდ არჩევნებად, რომ ცესკოს მონაცემები და პარალელური დათვლის შედეგები არ ემთხვეოდა ერთმანეთს? ბიულეტენების დათვლის დროს, უბნების ერთ ნაწილში, ყველაფერი რომ თავზე ჩამოემხოთ და ბალანსი ვერ დასვეს ხომ გახსოვთ? ოქმების წაღმა-უკუღმა ჩასწორებაც გემახსოვრებათ. კენჭისყრის დღეს, დამკვირვებლებსა და მედიის წარმომადგენელების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, თუ საქმიანობის ხელშეშლის შემთხვევებზე აღარაფერს ვამბობ. ასევე, არც, წინა და მოქმედი ხელისფლების "საჩუქრის" - უბნების გარეთ მობილიზებული კოორდინატორების და სხვა საეჭვო ადამიანების შესახებ. სამწუხაროდ, ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება.

ახლა, ყველაფერზე სამართლიანი არჩევნებისკენ ხელის გაშვერა და ყველაფრის მათზე გადაბრალება არასწორია. ზუსტად ვიცი, რომ ისინი ყველაზე მეტად განიცდიან მომხდარს და წუხან. მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო მათ და წარმატება ვუსურვო.

პოლიტიკოსების ერთი ნაწილს კი, ვინც ახლა დაეწყო და ISFED-თვის ჭკუის სწავლებით არიან დაკავებული, მინდა ვუთხრა, რომ მეხსიერება იმაზე უკეთესი გვაქვს, ვიდრე თქვენ გგონიათ. კარგად დაფიქრდით და თქვენთვის მაინც დაითვალეთ ხანდახან, რამდენი შეცდომა, ან ხარვეზი გქონიათ პოლიტიკური კარიერის მანძილზე და მერე ეს რამდენს და რამდენჯერ გიღიარებიათ (პასუხისმგებლობაზე არაფერს ვამბობ)",-წერს სალაძე.

სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია 11 დეკემბერს გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.  

ISFED-ის მიერ PVT დათვლის შეცვლილი შედეგების გამოქვეყნებამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.

ამ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა, მისი მტკიცებით, შეხვედრაზე, "2-3 კვირის წინ შედგა", მმართველი გუნდის წარმომადგენლები პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით დაინტერესდნენ.

დღეს, 12 დეკემბერს, ტვ პირველის ეთერში ISFED-ის თავმჯდომარემ, ელენე ნიჟარაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ქართულმა ოცნებამ ორგანიზაციის შეცდომის შესახებ ინფორმაცია ფარული მიყურადებით მიიღო. მისივე თქმით, მმართველი გუნდი PVT-ის შედეგებით მანიპულირებს, ვინაიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პრობლემა ე.წ კარუსელები და დისბალანსია, რომელიც უბნების 8%-ში გამოვლინდა. 

სამართლიანი არჩევნების 1-ლ ნოემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, უბნების 8%-ში გამოვლენილი დისბალანსის შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. 


close დახურვა