მესამე სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავებასა და მათ პროკურატურაში დაბარებებს აფასებენ და აცხადებენ, რომ ქვეყანაში, შესაძლოა, დღის წესრიგში პოლიტიკური პატიმრების არსებობის საკითხი დადგეს.
როგორც „ფორმულას“ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ განუცხადა, ხელისუფლების ქმედებები შერჩევითი მართლმსაჯულების განცდას აჩენს.
„ხელისუფლებას ახსენდება დანაშაულები, რომლებიც წლების წინ არის ჩადენილი და ახლა იწყებს უცებ გამოძიებას და ამ დროს არ იძიებს საქმეებს, რომლებიც შეიძლება, მისი მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებთან იყოს დაკავშირებული. ეს ერთის მხრივ, აჩენს შერჩევითი მართლმსაჯულების განცდას და მეორეს მხრივ, ამ ყველაფერმა შეიძლება, უფრო მაღალ რეგისტრში აინაცვლოს და შეიძლება, დღის წესრიგში პოლიტიკური პატიმრების არსებობის საკითხი ქვეყანაში“, - აცხადებს სალაძე.
ექსპერტს პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ლაგაზიძეს კი მიაჩნია, რომ ხელისუფლების ქმედებები ორიენტირებულია იმ ამომრჩეველზე, რომლებიც "ოცნებისგან" "ნაციონალების" ლიდერების მკაცრად დასჯას ითხოვდა.
„ოცნებამ გადაწყვიტა სიტყვიდან საქმეზე გადავიდეს და დაიწყოს ოპოზიციის ლიდერების დევნა. ეს არის მიზანმიმართულად ორიენტირებული "ოცნების" იმ ამომრჩეველზე, რომლებიც "ოცნებისგან" "ნაციონალების" ლიდერების დასჯას ითხოვდა მძიმე ფორმებით. მე მეშინია, რომ ოცნება ამაში ყველა ზღვარს არ გაცდეს“, - აცხადებს ლაგაზიძე.
შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. უწყებაში მისი დაბარება, სავარაუდოდ, იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა. პროკურატურის მაშინდელ განცხადებაში ეწერა, რომ "ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები მოხდა". ბოკერია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე ბოლოს 2014 წელს იმყოფებოდა.
ცოტა ხნის წინ კი „ქართუ“ ბანკის საქმეზე დეპუტატის მანდატი ჩამოართვეს და ჯარიმები დააკისრეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას. დაკითხვაზეა დაბარებული „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავაც, რომელსაც მოჭიდავის ცემას ედავებიან.
ასევე, დროისთვის საპატიმროში იმყოფება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც ის 20 -21 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის საფუძველზე დააკავეს. ეს მუხლები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. გარდა ამისა, ბუტა რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბრალი წარედგინებათ.
რაც შეეხება ყოფილ პრემიერს, ვანო მერაბიშვილს - ის 2013 წლის მაისში დააკავეს. მერაბიშვილი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის - მათ შორისაა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების დამალვა, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ამომრჩევლის მოსყიდვა.