logo
ENG



სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს ასამბლეაზე გამოსვლისას ივანიშვილი პრეზიდენტად მოიხსენია

28 იან 202020:14
3 წუთის საკითხავი
 

სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს ასამბლეაზე გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტად მოიხსენია. 

„რაც შეეხება კითხვებს პრეზიდენტ ივანიშვილის ბოლო განცხადებაზე, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა საქართველოში და პირადად მეც, მუდმივად ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის წნეხის ქვეშ ვართ იმის შესახებ, თუ რა ვთქვი, ან არ ვთქვი,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

50-წუთიანი სიტყვის მიუხედავად, შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მაინც გაგრძელდა და დარბაზში პრეზიდენტს მწვავე შეკითხვები დაუსვეს.

„პრეზიდენტმა არ უპასუხა ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას. მე მას ვკითხე,  უჭერდა თუ არა მხარს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო.  სამწუხაროდ, ამაზე პასუხი ვერ მივიღე", - განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა. 

პრეზიდენტმა უპასუხოდ დატოვა კითხვები, რომელიც ფეისბუკის ანგარიშების დაბლოკვას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას შეეხებოდა. მან საკუთარი ინიციატივით განაცხადა ისიც, რომ მაისში ევროსაბჭოს მინისტერიალზე დასასწრებად რუს დეპუტატებს ქვეყანაში შემოსვლის უფლება ექნებათ. პრეზიდენტმა ივნისის მოვლენებზე საუბრისას რუსეთის დელეგაციის კრიტიკისგან თავი შეიკავა და ოპოზიციის ლიდერები რადიკალებად მოიხსენია. 

პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას კატასტროფას უწოდებს  ოპოზიცია. მათი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა ვერც ტრიბუნა გამოიყენა ქვეყნის ინტერესების დასაცავად და ვერც საკუთარი კომპეტენტურობა გამოავლინა. 

სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლით და დასმულ შეკითხვებზე მისი პასუხით კმაყოფილია მმართველი გუნდი. 

შეკითხვების მეორე რაუნდი ძირითადად მოსამართლეების დანიშვნას ეხებოდა, სალომე ზურაბიშვილმა პარტნიორების მიერ გამოთქმულ ეჭვებს იმით უპასუხა, რომ პროცესი გამჭვირვალე იყო და განხილვები პარლამენტში პირდაპირი ტელეთერით გადაიცემოდა. 


close დახურვა