ენმ-ის წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებებისა და პროცესში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის შესახებ ოპოზიცია უნდა შეჯერდეს.
თუმცა, მისი პირადი აზრია, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, ღარიბაშვილმა კი პრემიერმინისტრის პოსტი უნდა დაწეროს.
ფორმულას ეთერში სამადაშვილმა თქვა:
"ოპოზიციამ უნდა შეათანხმოს პოზიცია. ჩემს აზრს ვიტყვი - ჩვენ მოლაპარაკებები უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის რანგში არ არის სიცოცხლისუნარიანი პროექტი. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, პრემიერმინისტრი არ უნდა იყოს და არც ის მიმაჩნია, რომ მასთან უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები.
თუმცა, მოლაპარაკებები, თავისთავად, უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში, ასე შეიძლება რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლა". - თქვა სამადაშვილმა.
ოპოზიცია ენმ-ის ოფისში დღეს, 14:00 საათზე შეიკრიბება.
6 მარტს ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.
ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა.
ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა.
თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები.
1-ლ მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ოფიციაური შეხვედრები გამართა, მათ შორის, მოაწყო შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ. მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ხაზგასმულია პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ასევე, მოთხოვნილია სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების გატარება.
მისივე თქმით, შედეგებით 16 მარტს დაინტერესდება - სწორედ 16 მარტს ტარდება ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომა.