ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დავით გარეჯის საქმის წარმოების რეალური მოტივაციაა, დაკავებულმა ადამიანებმა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მისცენ ჩვენება. მისი თქმით, ექსპერტები პოლიტიკური ნიშნით დააკავეს და ენმ აქტიურად დაიწყებს მათი გათავისუფლებისთვის ბრძოლას.
"მინდა, მივმართო დაკავებულების ოჯახებსა და მათ მეგობრებს და დავამშიდო ისინი, წარმომიდგენია, რამხელაა შოკი, რომელიც მათ მიიღეს, როდესაც სრულიად უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ განხორციელდა სამართლებრივი დევნა. მსურს, მათ განვუმარტო, რომ მათი ოჯახის წევრები დროებით გაუგებრობაში მოყვნენ. იმ გაუგებრობაში, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება, როდესაც არჩევნებთან ერთად დასრულდება ის უკანონობა, რასაც დღეს აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი", - ამბობს სამადაშვილი.
მისივე განმარტებით, აბსურდულია განაცხადი, რომ შეთანხმებაა მიღწეული რაიმე ტერიტორიების გადაცემაზე:
"ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარე რეჟიმშია მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის.
ამ პროცესში, როცა აზერბაიჯანი არის საომარ მდგომარეობაში, საქართველოს ხელისუფლების განაცხადი, რომ წინა ხელისუფლების დროს გადაეცა მათ ტერიტორიები, გაუგებარია და დამატებით უზარმაზარ საფრთხეს აჩენს ჩვენს რეგიონში.
რეალური მოტივაციაა, დაკავებულმა ადამიანებმა მისცენ ჩვენება წინა ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. დაკავებული ექსპერტები პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული დევნის მსხვერპლნი არიან", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
გაუთქმელობის ხელწერილის გამო, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საჯაროდ ვერ ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ რას ეკითხებოდა მათ გამოძიება.
ივერი მელაშვილმა ფორმულასთან არაერთხელ თქვა, რომ რჩება განცდა, რომ წინასაარჩევნოდ დავით გარეჯის და საზღვრის დამდგენი კომისიის საკითხის წამოწევის უკან "შესაძლოა, სხვა ინტერესები იდგეს".
ნატალია ილიჩოვამ კი განაცხადა, რომ კითხვები, რომლებსაც მას გამომძიებლები უსვამდნენ, საქმეს სცდება. ილიჩოვას თქმით, "შოკირებულია თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და პროკურატურის დაწყებული გამოძიებით და საქმის დაწყების მიღმა პოლიტიკურ პროცესებს ხედავს".
ოპოზიცია საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებებს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოს უწოდებს.